მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელის ფარგლებში, არჩილ ჩიქოვანმა UNDP-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე და განიხილეს სამომავლო გეგმები.
„მიმდინარე წელს ბათუმის მერიამ მოიპოვა გრანტი მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელის შექმნისთვის, რომლის ფარგლებშიც, UNDP-თან ერთად, დავიწყეთ პროექტ „სტარტაპ ეკოსისტემის“ განხორციელება. პროცესში ჩართულები არიან CHÔRA Foundation-ის ექსპერტები და გამოცდილი სპეციალისტები. ისინი აქტიურად გვეხმარებიან ამ პროექტის სრულყოფილად განხორციელებაში. ჩვენი მხრიდან, უკვე გადაიდგა ნაბიჯები, გამოიყო ფართი, რომელიც იქნება ერთგვარი ჰაბი სტარტაპერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბათუმისთვის სასიკეთო იდეები და ახალგაზრდული ინიციატივები გააჩნიათ. პროექტი სამომავლოდ წარმოაჩენს ჩვენს ქალაქს, როგორც რეგიონულ ჰაბს“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
პორტფელის შემუშავება „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) - პროექტის ფარგლებში ხორციელდება. გაფორმდა მემორანდუმი ბათუმის მერიას, UNDP-სა და GITA-ს შორის, ქალაქში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და თანამშრომლობის მიზნით.
ასევე, წარდგენილია განაცხადი ევროკავშირის ექსპერიმენტების ფონდის მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში.
დაგეგმილია და მიმდინარეობს მუშაობა ახალგაზრდებში მეწარმეობის, სტარტაპების და ინოვაციების კულტურის წახალისების მიზნით, ბათუმის საქართველოს მეორე სტარტაპ დედაქალაქად გარდაქმნისა და საერთაშორისო პლატფორმებზე მისი, როგორც სტარტაპ ქალაქის პოზიციონირების მიზნით.
შეხვედრას ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე, მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) პროექტის მენეჯერი საქართველოში - თინათინ ტყეშელაშვილი, სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი იგორ იზოტოვი და CHÔRA Design-ის კონსულტანტი ეკინ კარელი ესწრებოდნენ.