logo_geo
eng_logo
გიორგი ჯანჯღავა: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია
- +

7 თებერვალი. 2023. 10:12

 

 

თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია.

 

ელჩი თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რამენაირად მიაწვდინონ ხმა საელჩოსა და საკონსულოს, რომ მათი დახმარება შეძლონ.

 

„ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ორი მოქალაქეა გარდაცვლილი, ჩვენ მოქალაქეებთან კავშირი გვაქვს შეძლებისდაგვარად, რაც შეგვიძლია. ყველა დაკარგული, ვისზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ არიან დაკარგულები, ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ.

 

იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან. პანიკის გარეშე, რადგან ვითარება საკმაოდ მძიმეა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საშუალებები არსებობს. ანუ, სავარაუდოდ, მოქალაქე უნდა წავიდეს უკან, საქართველოში, თუ დანგრეული აქვს სახლი, სამსახური დაკარგული აქვს და ა.შ.

 

როგორც მინიმუმ, საჭიროა რაღაც ინფორმაცია, რათა დავაკვალიანოთ და რჩევა მივცეთ, მომავალში რა უნდა გააკეთოს და რა სიტუაციაა მის ირგვლივ. ასევე, მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებმა, რომელთაც დაკარგული აქვთ საბუთები, პასპორტები, მოგვაკითხონ ჩვენ ან ტრაბზონს.

 

თუ ვერ მოდიან ჩვენამდე, ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა დავეხმაროთ აქ ჩამოსვლამდე, ანკარამდე, სტამბოლამდე ან ტრაბზონამდე, რადგან არის სამი გზა საქართველოში მოსახვედრად - სტამბოლი, ტრაბზონი და ანკარა. ანკარიდან და სტამბოლიდან არის პირდაპირი რეისები, ტრაბზონიდან - სახმელეთო გზა სარფისა და ვალეს მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner