საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ATP-ის 250-იანი კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 48-ე ჩოგანი, ფრანგი კონსტან ლესტიენი იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა სამ სეტში 6:7(3) 7:5, 6:2 მოიგო.
პირველ სეტში ბასილაშვილი მესამე გეიმში ბრეიკით დაწინაურდა და ამ უპირატესობას კარგად ინარჩუნებდა, 5:4-ზე სეტის მოსაგებად აწვდიდა და სეტ პოინტიც მოიპოვა, მაგრამ ფრანგმა ჩოგბურთელმა შეძლო გეიმის გადარჩენა და საქმე ტაი ბრეიკამდეც მიიყვანა, სადაც ქართველზე უკეთესად ითამაშა და დაწინაურდა.
მეორე სეტის სტარტზე ლესტიენი ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ ნიკამ მოახერხა მეოთხე გეიმში უკუბრეიკის შესრულება და თამაში კვლავ თანაბარ ორთაბრძოლაში გაგრძელდა. ბასილაშვილმა კიდევ ერთი ბრეიკი მე-8 გეიმში შეასრულა და თითქოს კომფორტული უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ საქმე გაირთულა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მისცა. თუმცა, ბასილაშვილმა მოახერხა მობილიზება და სეტი 7:5 მოიგო.
მეორის მსგავსად, ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება გადამწყვეტი სეტის სტარტზეც წააგო. დაძაბული გამოდგა მეორე გეიმი ლესტიენმა საკუთარ მოწოდებაზე 5 ბრეიკ პოინტი გადაარჩინა, თუმცა მეექვსე ცდაზე ბასილაშვილმა მაინც მოახერხა მეტოქის მოწოდების მოგება და ანგარიშის გათანაბრება 2:2.
აქედან მოყოლებული ნიკამ ზედიზედ ოთხი მოწოდება მოიგო, საბოლოოდ 2 საათსა და 32 წუთში 6:7(3), 7:5, 6:2 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და მომდევნო წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგ გრეგუარ ბარერსა და ყაზახ ალექსანდრ ბუბლიკს შორის გამარჯებული იქნება.