„2023 წელი კიდევ უფრო გაზრდილი ბიუჯეტით დავიწყეთ, გაზრდილი ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვის და სოციალურ მომსახურებას, ბავშვებისთვის უკეთესი პირობების და გარემოს შექმნას, ოზურგეთის და მისი სოფლების ინფრასტრუქტურის განახლებას, შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების სტიმულირებას და არაერთი მიმართულებით, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას მოხმარდება.
დაგპირდით და 1 იანვრიდან დავიწყეთ ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებისთვის მედიკამენტების (ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინი, ტაივერბი, ფესგო) თანადაფინანსება. ასევე, 2023 წლიდან გავზარდეთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის დაფინანსება და მისასალმებელია, რომ ოზურგეთში გაიხსნა ახალი ცენტრი, სადაც შესაბამის სერვისებს მიიღებენ აუტიზმის მქონე ბავშვები. ეს შვება იქნება არაერთი ოჯახისთვის“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე.
ოზურგეთის მერის თქმით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, მათ მიერ შემუშავებული პროგრამებით გასულ წელს ჯამში 4 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
„წელსაც ამ მიზნით გამოყოფილია სათანადო რესურსი, რომ ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ადამიანები, მრავალშვილიანი დედები, სიღარიბეში მყოფი ოჯახები და ბავშვები იქნებიან ჩვენი მუდმივი ყურადღების ქვეშ და ამ მიმართულებით 2,5 მლნ ლარამდე დავხარჯავთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.