„სააკაშვილმა დიდი ხანია ექს-პრეზიდენტად მოხსენიების უფლება დაკარგა, რადგან იმ სამ საუნჯეს, რომლებიც წინაპართაგან გვერგო, საჯაროდ გაემიჯნა. მამულს გაემიჯნა, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი გადააგდო; ენას, როდესაც სასამართლოში განაცხადა, რომ ქართულად არ ილაპარაკებდა და უკრაინელი თარჯიმანი მოითხოვა, სარწმუნოებას კი მაშინ, როდესაც თავისი „მოღვაწეობის“ გარიჟრაჟზე ეკლესიას ბულდოზერი მიაყენა“, - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც დავით მაღრაძე აღნიშნავს, ვისთვისაც [სააკაშვილი] ექს-პრეზიდენტია, დაე, დარჩეს, მისთვის კი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც სასჯელს ციხეში კი არა, „ვივამედში“, ოროთახიან ლუქსში, სრულ კომფორტში იხდის.
„უკრაინის ხელისუფლებას მწყობრი პოზიცია ვერ ექნება იმ ვითარების გამო, რომელშიც ახლა არიან. ქვეყანაში ომია, რაც მთლიანად ცვლის რეალობას. მახსოვს საქართველოზე მათი პარლამენტის თავმჯდომარისა და ქვეყნის სხვა პირველი პირების მადლიერებით აღსავსე განცხადებები, ასევე, კიევის მერის, კლიჩკოს სამადლობელი მიმართვაც. რაც შეეხება სააკაშვილს, მას თქვენ იხსენიებთ ექს-პრეზიდენტად, მე კი უკრაინის მოქალაქეს ვუწოდებ, რომელმაც საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. მან დიდი ხანია ექს-პრეზიდენტად მოხსენიების უფლება დაკარგა, რადგან იმ სამ საუნჯეს, რომლებიც წინაპართაგან გვერგო, საჯაროდ გაემიჯნა. მამულს გაემიჯნა, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი გადააგდო; ენას, როდესაც სასამართლოში განაცხადა, რომ ქართულად არ ილაპარაკებდა და უკრაინელი თარჯიმანი მოითხოვა, სარწმუნოებას კი მაშინ, როდესაც თავისი „მოღვაწეობის“ გარიჟრაჟზე ეკლესიას ბულდოზერი მიაყენა. ასე რომ, ვისთვისაც ექს-პრეზიდენტია, დაე, დარჩეს, ჩემთვის კი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც სასჯელს ციხეში კი არა, „ვივამედში“, ოროთახიან ლუქსში, სრულ კომფორტში იხდის. ქართველ საზოგადოებას პატიმრობაგამოვლილი ლიდერების მეტი რა უნახავს. ჩვენც გვყავდა საბჭოთა გულაგებგამოვლილი, საპყრობილეებში ნატანჯი, მაგრამ კლდესავით მდგარი მერაბ კოსტავა, რომელსაც ღირსება წუთითაც არ დაუკარგავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო...
ვფიქრობ, სახელმწიფოს პრობლემა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, მისი თითიდან გამოწოვილი წამება კი არა, უკანონო პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნაა. თუმცა, როგორც ყველა ცოცხალ ადამიანს, მასაც ჯანმრთელობას ვუსურვებ. რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე იმაში გამოიხატა, რომ უკრაინის ხელისუფლების ხშირად უსამართლო, ცილისმწამებლურ განცხადებებს იმავე სიმძაფრით არ პასუხობს, იმიტომ, რომ ქვეყანაში ომშია. განვაგრძობთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას, რადგან ეს ქვეყანა თავს იცავს, ოღონდ მხარდაჭერასაც კულტურა სჭირდება, პათეტიკასა და მლიქვნელობაში არ უნდა გადაიზარდოს, რომელიც საერთაშორისო ტრენდთან კეკლუცობისგან შორს არ არის. ჩემი შეფასება და ზელენსკის ხმა თანაბარი მნიშვნელობის ვერ იქნება, რადგან დღეს მისი ხმა მთელ მსოფლიოს ესმის, ჩემს პოზიციას კი მხოლოდ ქართველი საზოგადოების ნაწილი გაიგებს, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი - კარგი იქნება, ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნას პიედესტალი, საიდანაც ბრიფინგს გამართავს, სამყაროს თავის სიმართლეს გააგონებს და იმ უსამართლობას, ცილისწამებას გააქარწყლებს, რომელიც ხშირად ისმის უკრაინიდან და ევროპარლამენტიდანაც. როდესაც ზელენსკი სააკაშვილზე ლაპარაკობს, თუ აცნობიერებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ცნობს? თუ ასეა, მისი პირადი საქმეა“, - აცხადებს დავით მაღრაძე.
შეკითხვაზე - ამ სიტუაციაში მისი უცხოეთში გადაყვანით რა დაშავდება, იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაციას დაამშვიდებს, - დავით მაღრაძე პასუხობს:
„ის დაშავდება, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ სახელმწიფოებრიობას, კანონმდებლობას. კანონი უნდა დავარღვიოთ იმიტომ, რომ კონიუნქტურას იყოს მორგებული? თუ ჭეშმარიტად ვისწრაფვით ევროპისკენ, ეს არ არის ევროპა. არა მგონია, სიტუაცია ისე დაძაბული იყოს, რომ მისი უცხოეთში გაშვების აუცილებლობა იდგეს“.