logo_geo
eng_logo
შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
- +

8 თებერვალი. 2023. 10:07

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირის ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდში, ბადრი ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს.

 

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა.

 

დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

https://www.youtube.com/watch?v=CfvziK-37E0

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner