logo_geo
eng_logo
რექტორ ზურაბ ხონელიძის საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
- +

8 თებერვალი. 2023. 10:27

 

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის“ მიწვევით, 2023 წლის 7 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ „ზამთრის სკოლის“ მსმენელთათვის საჯარო ლექცია წაიკითხა და წარადგინა მისი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ .

 

კსუ „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლას“, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს. საინტერესოა, რომ სკოლის ფარგლებში 310-მდე განაცხადი მიიღო საორგანიზაციო კომიტეტმა, რომელთაგან, კონკურსის წესით, სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტი შეარჩია. პროგრამით გათვალისწინებულია, რომ მიმდინარე წლის 6-11 თებერვალს მსმენელებს სფეროს პრაქტიკოსი ლექტორები და დარგის ექსპერტები ჩაუტარებენ ლექციებს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიის, უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და სხვა აქტუალური დარგობრივი საკითხების შესახებ, სკოლის ბოლო დღე კი გასვლით აქტივობას დაეთმობა.

 

კსუ-ს რექტორის მრჩეველმა, ზამთრის სკოლის კურატორმა გიორგი ფარეშიშვილმა სტუდენტებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი წარუდგინა:

 

დღეს ჩვენი სტუმარია ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი და მე მოხარული ვარ, რომ ის ჩემი უფროსი მეგობარიცაა. ეს გახლავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, „მშვიდობის ელჩის“ საპატიო ტიტულის მფლობელი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. ის ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის სათავეებთან იდგა და თანამედროვე ქართულ დიპლომატიაშიც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ბატონი ზურაბი ავტორია უნიკალური იდეისა დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელსაც „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ეწოდება. გასულ წელს ჩვენ ერთად გახლდით თურქეთში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში, სადაც შევხვდით კონსტანტინეპოლის-ახალი რომის პატრიარქს, მის უწმიდესობა ბართოლომეოს I-ს. მოგეხსენებათ, ის გახლავთ მსოფლიო მართლმადიდებლობის უპირატესი მამა და წინამძღვარი, თანამედროვე მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი ღვთისმეტყველი. შეხვედრაზე ამ კონცეფციაზეც იყო საუბარი, ასევე კავკასიაში მშვიდობის საკითხებზეც. მსოფლიო პატრიარქმა უმაღლესი შეფასება მისცა აღნიშნულ იდეასა და ბატონი ზურაბის ამ წიგნს, რომელიც ახლა თქვენს წინაშე დევს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, თუ რატომ განაცხადა თანხმობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტულზე. თქვენ მოგეხსენებათ, მსოფლიო პატრიარქი ისეთი უნივერსიტეტების დოქტორია, როგორიცაა ოქსფორდი, კემბრიჯი და ბევრი სხვა. სწორედ ამ კონცეფციისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობის გამო მან დიდი პატივითა და მოკრძალებით მიიღო ეს წოდება. მეტად მნიშვნელოვანია ბატონი ზურაბის მოღვაწეობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მსოფლიოს მასშტაბით, ის ძალიან ენერგიულ მუშაობას ატარებს ამ იდეის გავრცობისათვის. ის გესაუბრებათ ისეთ მასშტაბურ საკითხებზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“ მსოფლიო მშვიდობის საქმეში, კავკასიის მნიშვნელობას და მის ადგილს მსოფლიოში, ჩვენი ქვეყნის როლს ამ პრობლემების გადაწყვეტაში. მივესალმები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ ჩვენს შეხვედრას ესწრებიან და ახლა კი ვიწვევ რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს, – აღნიშნა შეხვედრის მოდერატორმა გიორგი ფარეშიშვილმა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მიესალმა აუდიტორიას და კსუ-ში მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა. საჯარო ლექცია ბატონმა ზურაბმა 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თურქეთისათვის სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო. დარბაზმა დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

 

ძვირფასო ახალგაზრდებო, მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ეს თქვენი ინტერესი არ არის გამოწვეული ჩემი პიროვნებისადმი ინტერესით. ეს არის ინტერესი საქართველოს მომავლისადმი. ის თემა, რაზეც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ, ძალიან დიდია და მას, ბუნებრივია, ახლა აქ ვერ ამოვწურავთ. ამიტომ მზად ვარ თქვენს კითხვებს, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება და არა – ერთი, ვუპასუხო როგორც ამ უნივერსიტეტის კედლებში, ასევე გიმასპინძლოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მზად ვარ მოვისმინო თქვენი შენიშვნები, კითხვები, რეკომენდაციები. ის საქმე, რასაც მე ვემსახურები, მარტო ერთი უნივერსიტეტის საქმე არაა. თქვენ წარმოიდგინეთ, თავისი მნიშვნელობით, ის ჩვენი ქვეყნის ფარგლებსაც სცილდება. 30 წელია, მე ჩემი საქმისთვის არ მიღალატია. ეს წიგნიც გარკვეულ მიზანს ემსახურება. ჩემი შეგნებული ცხოვრების მიზანია სამშობლოსადმი მსახურება. მაქვს სურვილი, დავეხმარო ხელისუფლებას და ჩვენს საზოგადოებას, ორიენტირებულს ცოდნაზე. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ სრულყოფილი სახელმწიფო შევქმნათ. პრობლემები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, ძირითადად, მაინც მსოფლმხედველობითია. ჩვენ ფილოსოფიური ხასიათის ცვლილებები და სტრატეგიული აზროვნება გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ნდობა იმ ღირებულებებისადმი, რაც თითოეული ქართველისათვის, საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის ძვირფასია. პირველი ეს არის თავისუფლება და მინდა გთხოვოთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ თავისუფლება არ შეიზღუდოს. მეორე – ეს არის სამართლიანობა, მესამე კი სიყვარულია. ამ სამ ბურჯზე დგას კაცობრიობა. ვინც ამ ღირებულებებს ატარებს და იცავს, ის, დარწმუნებული ვარ, ყოველი ჩვენგანის ახლობელია. მე მიხარია და ამაყი ვარ თქვენთან, ყველაზე მოტივირებულ და მიზანმიმართულ თაობასთან ურთიერთობით. თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც გადაიბარებს ხვალინდელ დღეს. თქვენი წარმატება კი დამოკიდებული იქნება, ამასთანავე, სათანადო და მაღალი ხარისხის ცოდნის დაუფლება. ასევე, სამოქმედო არეალი ვრცელი უნდა გქონდეთ. ამას კი აუცილებლად მოგცემთ უფროსი თაობა, რომლის „მხრებზე“ დგომითაც თქვენ თქვენს და ჩვენი ქვეყნის მომავალს ააგებთ. ამიტომ გვჭირდება სინთეზი და კავშირი თაობებს შორის. საქართველომ ამ უახლოეს წარსულში არაერთი ომი გამოიარა. თქვენ არ ხართ იმ პროცესების მონაწილე და ამიტომ არ გაქვთ შეგრძნება დამარცხებულისა, რაც თქვენი ძლიერი მხარე იქნება. ამიტომ გამარჯვებული თაობა ხართ, რომელიც სამშობლოსაც გამარჯვებას მოუტანთ. მაგრამ საამისოდ მომზადება გჭირდებათ. დღეს მე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოვადგენ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი –  ეს არ არის ერთის განმსაზღვრელი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე –  ერთი. ის არის თვისობრიობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს ბედის თანაზიარია. იდენტურია საქართველოს სახელმწიფოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიები. საქართველო არის ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კულტურებს, რელიგიებს, ტრადიციებს, ევროპისა და აზიის. ჩვენმა უნივერსიტეტმაც, როგორც ყველაზე ჯანსაღმა ორგანიზმმა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ხიდის როლი უნდა შეასრულოს და დააკავშიროს აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან. ეს მისი ბედისწერაა, არჩევანი კი არაა. ამიტომაც ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ სამშვიდობო მისია, შევქმნათ მშვიდობის უზრუნველყოფის უნივერსალური მოდელი. ეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ფუნქციაა. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ გამოსავალს სადღაც შორს ვეძებთ, არადა ის ჩვენშია. უნივერსიტეტები, რომელსაც ახლა ჩვენ წარმოვადგენთ, საკუთარ თავში აერთიანებენ განათლებასა და პროგრესს. ამ ინსტტიტუციის მიმართ საზოგადოების ნდობა მაღალია, რადგან უნივერსიტეტი, სხვასთან ერთად, თავისუფლების მედროშეა. ყველა უნივერსიტეტის უმთავრესი იდეა – თავისუფლების უზრუნველყოფაა. მას ახალი ფუნქცია სჭირდება დღეს, რომელსაც ის დიპლომატიასთან სინერგიაში იძენს და იქმნება უნიკალური იდეა – საუნივერსიტეტო დიპლომატია. ეს ორი სიტყვის მექანიკური ჯამი არაა. ეს ამ ცნებებთან დაკავშირებული არსთა, მიზანთა, ამოცანათა, მისიათა დაკავშირებაა, რომელიც ახალ, აქამდე გამოუყენებელ შესაძლებლობას გვაძლევს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ იდეას უჭერს მხარს, როგორც ბატონმა გიორგიმ, აღნიშნა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო, ასევე – დიპლომატთა შორის აღიარებული ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, სადაც გასულ დეკემბერში ლექციების კურსი წავიკითხე. საუნივერსიტეტო დიპლომატიას, როგორც მშვიდობის ქართულ პარადიგმას, აღიარებენ ისრაელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ევროკავშირის ქვეყნების აკადემიური წრეები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენ შევქმენით „სამშვიდობო განათლების ცენტრი“ და უკვე მოქმედებებს სამენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო მიერაა აღიარებული. ეს წიგნი კი უკვე ბულგარულ ენაზე ითარგმნა, მიმდინარეობს მისი თარგმნა თურქულ და იტალიურ ენებზე. ასევე გვაქვს წინადადება სხვა ქვეყნებიდანაც, რომ მათ ენებზეც გამოქვეყნდეს ჩვენი მონოგრაფია, – თქვა შესავალ სიტყვაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

 

ამის შემდეგ ბატონმა ზურაბმა ვრცლად ისაუბრა საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეისა და მისი თეორიულ-პრაქტიკული ღირებულებების შესახებ. ლექციის დასასრულს, სტუდენტებმა მომხსენებელს არაერთი საინტერესო და აქტუალური კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

ბატონმა ზურაბმა „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის“ სტუდენტები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვია.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner