„საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერის და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბატონი ირაკლი კობახიძის სტრასბურგში უმაღლესი დონის შეხვედრების შემდეგ, ევროპის საბჭომ გააკეთა უმნიშვნელოვანესი განცხადება და უპირობოდ აღიარა საქართველოს ევროპული მომავალი, აღინიშნა, რომ პირველ ადგილზე ვართ ყველა ფუნდამენტური კრიტერიუმით.
საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ეს არის პოზიტიური სიგნალი ევროკავშირისგან!“ - ამის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჭანიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოზიტიური შეფასებების გათვალისწინებით, წლის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.
„თუ 2023 წლის ბოლოს ობიექტური მიდგომები და შეფასებები იქნება, საქართველომ კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს. ამის დასტურია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მილოცვა (ციტატა): „მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება“. ალბათ ყველასთვის ცხადია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველო ევროკავშირისთვის და ზოგადად, დასავლეთისთვის (ერთ-ერთი სასიცოცხლო არტერიაც კი). სწორედ აქედან გამომდინარე, მსოფლიომ დაინახა, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი ფუნქციაც და გვაქვს ეროვნული ღირსებაც“, - აღნიშნავს ის.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რათა ამ მიზეზის გამოყენებით საშუალება მიეცეთ, ქვეყანაში აჟიოტაჟის გამოწვევის.
„დიდ ოჯახში, რომლის წევრიც უნდა გახდეს ჩვენი სამშობლო, ადასტურებენ, რომ კარგი შეფასება გვაქვს, ხოლო ნაციონალები ამბობენ ამის მიუხედავად, დამატებით რაღაცები უნდა გააკეთოთ, რომ სტატუსი მივიღოთ (თითქოს, სხვა ქვეყანაზე იყოს საუბარი).
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი არა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ არმინიჭებაა, რათა, ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში აჟიოტაჟი შექმნან.
მინდა შეგახსენოთ, რომ იმ 12 პუნქტის შესრულებაზე, რომელიც ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანას კანდიდატობის სტატუსის მიღების წინაპირობად წამოუყენა, რადიკალურ ოპოზიციას არც ერთი დღე არ უმუშავია. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: ოპოზიციას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება კონკრეტული პიროვნების, ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილისათვის სურდათ, მაგრამ როგორც კი აღმოაჩინეს, რომ ამ კანონის მიღება მართლაც ოლიგარქ კეზერაშვილს და მსგავს პირებს შეზღუდავს, უკან დაიხიეს.
რადიკალური ოპოზიციის გამოხატული სურვილია კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს საქართველომ. ამის საპირისპიროდ სურთ ომი და რევოლუცია, მაგრამ ხალხთან ერთად გადავლახავთ, არ მივცემთ დესტაბილიზაციის საშუალებას, არ გავანადგურებინებთ ჩვენს ქვეყანას და შედეგიც აუცილებლად დადგება!“ - განაცხადა ნინო ჭანიშვილმა.