„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი, თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხზე წერილს ავრცელებს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა განყოფილების წამყვანმა სპიკერმა, პიტერ სტანომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორზე დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს: „ვიცით რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის თაობაზე ბოლოდროინდელი განხილვების შესახებ. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში კი ნათქვამია: „ჩვენ გვაშფოთებს რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების განახლებაზე საუბარი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ“.
იმ ძალებს, რომლებიც რუსეთის მიმართულებით ავიარეისების აღდგენას უპირისპირდებიან, შორს მიმავალი გეგმები აქვთ. ისინი ცდილობენ, რომ საქართველოში მოისპოს მაღალტექნოლოგიური დარგები, პირველ რიგში, საფრენოსნო ავიაცია. საქართველოში შემოსული არიან ისეთი საავიაციო მონსტრები, როგორიცაა „თურქიშ ეარვეისი“ „ლუფთჰანზა“, „ვიზ ეარი“, „ემირატები“, „კატარ ეირვეისი“ და სხვ., რომლებიც აწარმოებენ დემპინგურ გადაზიდვებს, რასაც შედეგად საქართველოში საფრენოსნო ავიაციის გაკოტრება და განადგურება მოჰყვება. ეს მიზანი თითქმის მიღწეულია. მათ ამ შედეგისთვის ადრე რომ მიეღწიათ, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, ვთქვათ, 2008 წელს, როდესაც საქართველოში ფრენა ყველა ქვეყანამ შეწყვიტა და მხოლოდ ქართული ავიაკომპანია („ჯორჯიან ეარვეისი“) დაფრინავდა, რომელსაც ჩამოჰყავდა ჟურნალისტები, დიპლომატები თუ მაღალი დონის სტუმრები, რომელთა აქ ყოფნა იმ დროს ასე აუცილებელი იყო ქვეყნისთვის. მხოლოდ ქართულ ავიაკომპანიას შემოჰქონდა საქართველოში ქვეყნის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ყველა პროდუქცია.
აი, რატომ ცდილობენ ქართული საფრენოსნო ავიაციის განადგურებას, რა შემთხვევაშიც ქვეყანაში მხოლოდ აეროპორტები დარჩება, რომლებიც ისედაც უცხოელების ხელშია. შესაბამისი ბრძანების მიღების შეთხვევაში, ისინი უყოყმანოდ შეწყვეტენ ფრენებს.
რუსეთის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტი მოძრაობს, მხოლოდ ავიაციისთვის უნდა იყოს გზები დაკეტილი. განა ეს ქართული ავიაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის?!
ისრაელი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ იგი არ შეერთებია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და არც პირდაპირი ავიარეისები შეუწყვეტია ამ ქვეყანაში; თურქეთი ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა, მაგრამ მას არავინ თხოვს რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტას. პირიქით, ბოლო პერიოდში ამ ქვეყნიდან რუსეთის მიმართულებით ფრენები თითქმის გაათმაგდა.
არც თურქეთს და, მითუმეტეს, არც ისრაელს რუსეთთან პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არა აქვთ. ჩვენ კი, პატარა მოცულობის ქვეყანას, მასთან ექვსას კილომეტრზე გადაჭიმული საზღვარი გვაქვს, ჩვენი მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს და, მიუხედავად ამისა, პირდაპირი ფრენების განხორციელების უფლებას არ გვაძლევენ. ეს რა დამოკიდებულებაა?!
ოცდაათი წელიწადია, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებიან. ეს რომ აქამდე მომხდარიყო, ჩვენს ურთიერთობებში ყველაფერი ავტომატურად დალაგდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა რეალობა გვაქვს.
მივმართავ დასავლეთში მოქმედ ყველა იმ ძალას, რომელიც რუსეთთან დაპირისპირების, მისთვის სანქციების დაწესებისა და მისგან სრული იზოლაციისკენ მოგვიწოდებს: დაგვეხმარეთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მიგვიღეთ დასავლურ სტრუქტურებში და რუსეთში არ ვიფრენთ“, - წერს თამაზ გაიაშვილი.