logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ბადრი ესებუას ბრალი დაუმძიმა
- +

9 თებერვალი. 2023. 18:40

 

 

საქართველოს პროკურატურამ,  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ  ძებნილ პირს  კიდევ ერთი ბრალი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა- შენახვის ფაქტზე წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი პირი,  წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ბრალდებულს დაკავებისას  მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის  ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოჩნდა.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული,  ზუგდიდში,  „საქართველოს ბანკის“ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ბრალდებულს  2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი),  სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.

 

უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეს, სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

 

ცნობისთვის, შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს.

 

სამართალდამცველთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.

 

ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner