logo_geo
eng_logo
სვიმონ ჯანგულაშვილი: მგონია, რომ ევროპელებს და ამერიკელებს არც უნდათ და არც აპირებენ საქართველოს გამო რუსეთის გადაკიდებას და ახალი საზრუნავით თავის დამძიმებას
- +

10 თებერვალი. 2023. 11:27

 

 

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკურ წერილს წერს რობერტ სტურუას, სადაც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს.

 

ჯანგულაშვილი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის ბოლო დროს გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფილოსოფოსის მხრიდან მწარე შეკითხვებია ნამდვილად, მაგრამ სამწუხაროდ, საფუძველს მოკლებულნი არ არიან ისინი.

 

მისივე თქმით, ცხადია, რომ სინამდვილეში, სამწუხაროდ, დასავლელი პოლიტიკოსების ქმედებებს ანგარება, ეგოიზმი და არა ალტრუიზმი, სასტიკად ცივი და მწარე ანგარიშიანობა განსაზღვრავს.

 

„მეორე პოლიტიკური წერილი რობერტ სტურუას მიმართ - გულში მწარე ფიქრებისა და ნაცისტების ფეისბუქ-კედლებზე ბეჩავ-ლაღობის, უნიჭო „ღადაობის“ აღსაძვრელად...

 

ბატონო რობერტ, ვიდრე თქვენ ახალი სასწაული სპექტაკლის რეპეტიციები გაქვთ, არც ჩვენ ვუსაქმურობთ. ვრეპეტიციობთ და ვრეპეტიციობთ. დღეს ბელგიელებმა მოგვისმინეს - მათთან, რამდენიმე ქალაქში „ევროპალია“-ში მონაწილეობის მიღება გვიწევს შემოდგომაზე. აღფრთოვანდნენ ქართული მუსიკით - როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე საგუნდო შედევრებით. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართული კულტურა ოდითგანვე იყო და არის თვითმყოფადი, განსხვავებული, მაგრამ, ტიპოლოგიურად ევროპული კულტურა.

 

ამის განსაკუთრებული მტკიცებულებაა ჩვენი ხელოვნება... არგონავტების მითზე, ფარსმანზე, ფაზისის აკადემიაზე, მირიანის, ნინოს, ნანას და რომის იმპერატორის თუ სამღვდელოების ურთიერთობაზე, ქართულ პროტო-რენესანსზე, პეტრიწსა და „ვეფხისტყაოსანზე“, ქართველი მეფეებისა და ჯვაროსნების თანამებრძოლეობაზე და სხვა მრავალ მნიშვნელოვან მომენტზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო ჩვენი მუსიკა იკმარებდა ამის არგუმენტად.  ქართული მუსიკა და რა თქმა უნდა, ქართული თეატრი, ბატონო რობერტ, თქვენი საოცარი თეატრი - სრულყოფილების მატერიალურ სამყაროში არსებობის მტკიცებულება, ღვთიურისა და ადამიანურის ჰარმონია, ეროვნულისა და ზოგადსაკაცობრიოს ერთიანობა...

 

რამდენი ძველი და ახალი საგანძური გვაქვს მუსიკაშიც, თეატრშიც, პოეზიასა და მწერლობაშიც, რითაც ცხადად ჩანს, ერთი მხრივ, ჩვენი ერის თვითმყოფადი შემოქმედებითი გენია, თვალუწვდენელი სიმაღლე, უნიკალობა, და მეორე მხრივ, საოცრად ორგანული ერთიანობა ევროპულ კულტურასთან... თანაც, ეროვნულის, ევროპულისა და აზიურის საკვირველი სინთეზი ქართული კულტურისა და მსოფლმხედველობის, ეთნოფსიქოლოგიის უმთავრესი თავისებურებაა...

 

ამასთან ერთად, მინდა ვთქვა (შელოცვასავით, რომ ნაცისტებმა, და მათმა „დიადმა“ ავტორიტეტებმა, ემანდ რუსეთუმეობაში და პუტინის აგენტობაში ბრალი არ დაგვდონ) - დიახ, საქართველოს ევრო-ინტეგრაციის უდიდესი მომხრენი და გულშემატკივარნი ვართ! დიახ, რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20 პროცენტი! დიახ, პუტინი საქართველოს მტერია! დიახ, გვინდა ერთიანი და თავისუფალი საქართველოს (რომელსაც, ჩვენ, ერთმანეთის ჭამით, 30 წელია ვანგრევთ) გამარჯვებების ხილვა! დიახ, მომხრენი ვართ უკრაინისა და მისი გამარჯვებისათვის ვლოცულობთ და ვშრომობთ, რამდენადაც ეს ძალგვიძს! დიახ, უკრაინის გამარჯვებაზე ბევრადაა დამოკიდებული საქართველოს გამარჯვებაც!

 

ამ ყველაფერზე ბევრჯერ გვისაუბრია და ახლაც ამიტომ თქვენ გწერთ, ძვირფასო ადამიანო.

 

ზაზა შათირიშვილის წერილი წავიკითხე. უფრო სწორედ, ჯერ ჩემი ნაცისტი (და „ნაცი არა ვარ, მაგრამ...“) მეგობრების ფეისბუქ-გვერდებზე შათირიშვილის ლანძღვა წავიკითხე და მერე თავად წერილი... იგი მთავრდება სკეპტიკური შეკითხვებით - „ღირს კი ამდენი შფოთვა ამერიკელების მიერ კოლონიზებულ და მართულ ევროკავშირზე? ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, სადაც მედია სრულ პოლიტიკურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება? ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, რომელსაც ოჯახები ომსა და ეკონომიკურ კრიზისში ერთი თითის დაქნევით ხვევენ? ... ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, სადაც ჩვენს ქვეყანას ფასი მხოლოდ ნაც-აგენტურის ხელით კოლონიზების შემთხვევაში ექნება? ღირს კი ამდენი შფოთვა ევროკავშირზე, რომლისთვისაც საქართველომ, უკრაინის მსგავსად, სავალდებულო წესით, სიკვდილს უნდა გაუსწოროს თვალი? მიმაჩნია, რომ ეს არის შეკითხვები, რომლებზეც ღრმა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსია უნდა გაიმართოს“...

 

მწარე შეკითხვებია ნამდვილად. და, სამწუხაროდ, საფუძველს მოკლებულნი არ არიან ისინი...

 

მე ეგრევე კუბილიუსები, ფოტიგები, მალგოჟატები და სხვა „ბოსხურ“-ფანტასმაგორიული პერსონაჟები გამახსენდნენ, ვინც, ნაცების მსუყე ფინანსებით მოსყიდულნი, საქართველოს აშანტაჟებენ და თითს უქნევენ - [კონტროლირებად თვით-დესტრუქციაში მყოფი] ბოროტი ტირანი გაათავისუფლეთ, როგორც ახალი ნელსონ მანდელა, არც ერთ დანაშაულზე პასუხი არ აგებინოთ, და კვლავ ნაცისტები დაისვით თავზე, თორემ დაემშვიდობებით ევროპასაც და ნატო-საც...

 

რა თქმა უნდა, შათირიშვილის წერილების ერთი მთავარი თემაც - ივანიშვილის მიმართ შვეიცარიელების გაუგონარი თავდასხმები და დარტყმებიც გაგახსენდება კაცს. საოცარია - ძალადობაზე, კვლასა და გაუპატიურებაზე დამყარებული, რეპრესიული რეჟიმის შემქმნელს იცავენ და მის გამო ქართველთა უმრავლესობის ნებასა და ღირსებას უხეშად ქელავენ და შეურაცხყოფენ ჩვენი დასავლელი „მეგობრები“; ხოლო ამდენი სიკეთის მომტან ქველმოქმედს, ადამიანს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლისა და ცხოვრების რისკის ფასად გაგვათავისუფლა ნაცისტებისაგან, ძარცვავენ, ცილს სწამებენ, ემუქრებიან და სდევნიან!

 

როდესაც ასეთ ევროპელებს ხედავ, ცხადია, პეტრიწი და თომა აქვინელი, რუსთაველი და გოეთე არ გაგახსენდება კაცს. ცხადია, სკეპსისი ამ დროს ბუნებრივად გეუფლება, სამწუხაროდ...

 

ან, ეს გაწელილი ომი უკრაინაში? საშინელი ომი, როდესაც დასავლელი ლიდერები ასე საჭირო შეიარაღებას ასე ძნელად, ასე მძიმედ და ასე ცოტ-ცოტა და ნელ-ნელა აძლევენ უკრაინას...

 

(უკრაინელ პოლიტიკოსებზე არაფერს ვიტყვი, დაბომბვებს შორის იმისთვის რომ სცალიათ, რომ ადეიშვილები და სხვა მანიაკები მინისტრებად დანიშნონ და მაინცდამაინც ქართველებს დაგვარტყან იმისთვის, რაზეც სხვებს ლამისაა მადლობებს უხდიან)...

 

დასავლელი პოლიტიკოსების და გავლენიანი პირების ამგვარი მრავალი დანაშაულის გამო, თვალსა და ხელს შუა იზრდება ამერიკისა და ევროპის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა.

 

ერთი რაღაცა ხომ მართლაც ცხადია - თუნდაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის ამბავშიც გამოჩნდა, რომ დასავლელი პოლიტიკოსების ხმამაღალი ღაღადებანი ჩვენს ევრო-ინტეგრაციაზე, საერთო თავისუფალ ოჯახზე, თავისუფლებაზე, ძმობაზე, დემოკრატიაზე, თანასწორობაზე, მხოლოდ ფასადად მოსჩანს. ჩვენ არ გვაძლევენ იმას, რასაც აძლევენ, ერთი მხრივ, ომით განადგურებულ უკრაინას, ხოლო მეორე მხრივ - დღესაც დსთ-ს წევრ მოლდოვას, თანაც, ორივე ქვეყანაში კორუფციისა და დემოკრატიის მდგომარეობა ჩვენზე ცუდია და ორივე ქვეყანა ჩვენსავით ნაწილობრივ ოკუპირებულია... ცხადია, რომ სინამდვილეში, სამწუხაროდ, დასავლელი პოლიტიკოსების ქმედებებს ანგარება, ეგოიზმი და არა ალტრუიზმი, სასტიკად ცივი და მწარე ანგარიშიანობა განსაზღვრავს. ამის დანახვისას გული გიკვდება ადამიანს - ჩრდილოეთით ბოროტი ვეშაპი, გარშემო - ყველგან ომი, დასავლეთიდან - სააკაშვილის, კეზერაშვილის და ნაყოფიას ფულით ნაყიდი უსინდისო და ბოროტი პოლიტიკოსები და ინტრიგანები... თითქმის გამოუვალ სიტუაციაში ვართ!

 

განა დასავლეთმა არ მისცა პუტინს მთელი ფული,  ძლიერება და ახალი იმპერიის აშენების შესაძლებლობა?

 

შედარება შეიძლება დასავლეთის რეაქციისა 2008 წლის ომის დროს და ახლანდელი, უკრაინის ომის მიმართ მათი დამოკიდებულებისა?

 

განა დასავლელი პოლიტიკოსები არ ედგნენ და დღესაც არ უდგანან მხარში ნაცისტებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ, ერთი კაცის გიჟურ ახირებებსა და ჰედონიზმზე მიმართულ რეჟიმს, დასავლელების გულის მოსაგები, ვითომდა ევროპული, დემოკრატიული და ლიბერალური ფასადი აუშენეს? ყალბი, მუყაოს, „გიფსო-კარდონის“ ფასადი, რომელიც რამდენიმე წვიმამ, რამდენიმე განსაცდელმა დაანგრია და გამოაჩინა რეჟიმის მთელი სისასტიკე და უბადრუკობა?

 

ხშირად მგონია, რომ ევროპელებს და ამერიკელებს არც უნდათ და არც აპირებენ სადღაც „გადაკარგულში“ მყოფი საქართველოს გამო რუსეთის გადაკიდებას და ახალი საზრუნავით თავის დამძიმებას. ასე იყო გამსახურდიას დროს, ასე იყო შევარდნაძის დროს, ასე იყო სააკაშვილის დროს და ასეა დღესაც.

 

სამწუხაროდ, ჩვენ მეტად შორს ვართ და მეტად „უნავთობო“ და „ურესურსო“ ქვეყანა ვართ იმისათვის, რომ ვინმე მერკელმა ან სარკოზიმ ჩვენს გამო რუსეთს აწყენინოს. ნაცისტებს კი ცრუობენ, რომ ეს ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ბრალია, თორემ იმ 9 წლის დროს დასავლურ ორბიტაზე ვიყავითო; მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს, კვლავ და კვლავ, საკუთარი პროპაგანდით თვით-მოწამვლის გამოვლინებაა. რეალურად, დასავლელები 2003-2012 წლებში, ყველანაირ ინტეგრაციაზე უარს გვეუბნებოდნენ (სხვათა შორის, სამართლიანი საბაბით - ისეთი არა-დემოკრატიული რეჟიმი ჰქონდათ ნაცისტებს) - იმას თუ არ ჩავთვლით, მაპ-ზე უკეთესი რომ მოგვცეს. „შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია“... სამწუხაროდ... დასავლეთისკენ ყველაზე ქმედითი და შედეგიანი ნაბიჯები კი, სწორედ 2012 წლის მერე გადაიდგა.

 

მე პირადად, ამ ყველაფრის მიუხედავად, რწმენასა და იდეალიზმს არ ვკარგავ, რადგანაც, ქართულ ხელოვნებაში ვხედავ იმას, რაც არ ჩანს ქართველ თუ დასავლელ პოლიტიკოსთა „ნამოღვაწარში“.

 

მართალია, ჩემნაირთა მიერ გაიდეალებას ევროპულისა, დასავლურისა, უფრო და უფრო ხშირად უპირისპირდება მრავალი ადამიანის ევრო-სკეპტიციზმი; მართალია, ხშირად ვხედავ ხოლმე ფეისბუქში, თუ როგორ ირონიით ეკიდებიან ადამიანები ჩემნაირთა, მაინც გაუტეხელ „პრო-ევროპელობას“... მაგრამ, ღრმად მწამს და ვხედავ, რომ ეს მწარე გარემოებები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დავანგრიოთ, ასე ვთქვათ, მოვიშალოთ ჩვენი კულტურისა და სახელმწიფოს ისტორიული პარადიგმა და ონტოლოგია - აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიჯნაზე, კავკასიის ცენტრში დგომა, ცივილიზაციათა და კულტურათა დიალოგის და ჰარმონიის ოაზისად ყოფნა.

 

ქართული კულტურა უნიკალური მაგალითია დასავლურისა და აღმოსავლურის და, იმავდროულად, მათგან განსხვავებული და მათი მონათესავე ეროვნულის საოცარი სინთეზისა - ამ მხრივაც, ქართული კულტურა პოლიფონიური და სამ-პიროვანი, სამხმოვანია.

 

აქ როგორ არ უნდა გავიხსენოთ გრიგოლ რობაქიძის „ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ, უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ“ და ტიციან ტაბიძის  „ჰაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავრგე ვაზაში“.

 

ფილოსოფოსნი ყველაზე ადრე და ყველაზე ღრმად ხედავენ ყოფიერების წინააღმდეგობრივ, ამბივალენტურ არსს, ყველაზე მწვავედ და რადიკალურად აყენებენ საკითხებს და სვამენ შეკითხვებს. ბატონი შათირიშვილის შეკითხვებიც ასეთი ფილოსოფიური „საჭრეთელია“, რომლითაც იგი ცდილობს ჩვენი ტკივილების დიაგნოსტირებას და განკურნების გზის მონახვას...

 

აი, გამოსავალს, სინთეზს, ჰარმონიას, პასუხებს კი ხელოვნება გვთავაზობს მუდამ. ცხადია, ზეცნობიერისა და ცნობიერის, მარადიულისა და მატერიალურის, ღვთაბრივისა და ადამიანურის ერთიანობით აღბეჭდილი არსისა და ბუნების გამო, ის ხედავს და გვაჩვენებს დაფარულს, იდეალურს, ჭეშმარიტს, ეთიკურს... ის, რაც ვერ გამოთქვეს ფილოსოფოსებმა, გვაჩვენეს მიქელანჯელომ და ბახმა, რუსთაველმა და მალერმა, გალაკტიონმა, შექსპირმა, გოეთემ, ბარათაშვილმა, დოსტოევსკიმ, ილიამ...

 

მე რომ ვიცნობდე, ბატონ ზაზას ვეტყოდი, რომ ნაცისტების ლობისტი ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების გამო შფოთვა მართლაც არ ღირს.

 

მაგრამ, მე ისიც ვიცი, რომ ადამიანი, რომელიც თავს ახვევს ჩვენს ერს მოძალადეს და უჩაგრავს ქველმოქმედს, ბოროტი ადამიანია და მას საერთო არაფერი აქვს არც გოეთესთან, არც მიქელანჯელოსთან, არც მალერთან, ბახთან, მანთან თუ შექსპირთან. მართალია, ისინი ევროპისა და ამერიკის სახელით მოქმედებენ, მაგრამ, მათი ქმედებები, უბრალოდ ბოროტებაა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ უსინდისო არამზადებს არც ჩვეულებრივ ევროპელ ადამიანებთან აქვთ საერთო. ბატონო რობერტ, თქვენი მეგობარი თეატრალები, თუ ჩვენი მეგობარი მუსიკოსები, ცხადია, სულაც არ უჭერენ მხარს იქაურ ბოროტების შემოქმედებს - იქნებიან ისინი პოლიტიკოსები თუ სხვა ყაიდის ცუდი ადამიანები. ევროპაში არა მხოლოდ ის შვეიცარიელი უსინდისო და ბოროტი ბანკირები, არამედ ჰიტლერები, მუსოლინები და სხვა ათასი რჯულის ტირანებიც ყოფილან. ჩვენ მათ წინააღმდეგ გონივრულად და საკუთარი მდგომარეობის ფხიზელი და მიზანმიმართული ანალიზით უნდა ვიმოქმედოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ტირანები და ბოროტი ადამიანები მუდამ მარცხდებოდნენ და დღესაც დამარცხდებიან.

 

მე მჯერა, რომ სამყაროში სიყვარული მეფობს. და მჯერა, რომ ვერ გაიმარჯვებენ ის სასტიკი ადამიანები, ვისზეც შათირიშვილის წერილშია საუბარი. ვერ გაიმარჯვებენ ვერც ნაცისტები, მათ შორის, ვერც ის  უბადრუკი, ბოროტი ადამიანები, ვინც ჩვენს რწმენასა და იდეალიზმზე იცინიან და უნიჭოდ მასხრობენ. ისინი ვერც საქართველოზე გაიმარჯვებენ, ვერც მსოფლიოზე, ვერც ჩვენზე.

 

ასეთი ბოროტი ადამიანები ვერ გაიმარჯვებენ ვერც ივანიშვილზე, იმიტომ რომ ის სიკეთის მთესველი, სიკეთის მხარეს მდგომი, სიკეთის შემოქმედი ადამიანია. შეუძლებელია ღმერთმა გასწიროს და ქართველ და რუს, ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსთა და შეთქმულთა მსხვერპლად აქციოს ადამიანი, ვინც ამდენი და ამხელა სიკეთე გაუკეთა თავის ქვეყანას. სიკეთე მუდამ გაიმარჯვებს, სიკეთის კეთება თავადაა გამარჯვება, გამარჯვებულად ყოფნაა... მაგრამ, ამას ალბათ ვერც მიხვდებიან ზოგნი...

 

სამყაროში სიყვარული მეფობს. მეფობს, თუმცა, ის მუდამ ჯვარცმულია. ამიტომ, დიდი თუ პატარა, ყოველწამიერი ჯვარცმა ყველა ადამიანის ხვედრია, ვისაც სურს და უყვარს სიყვარული და სიკეთე...

 

მგონია, რომ ქართულ ხელოვნებაში და სიყვარულის ფენომენში არის პასუხი შათირიშვილის შეკითხვებზე: ქართული კულტურა, ეროვნულ თვითმყოფადობასთან, უნიკალობასთან, მნიშვნელოვან აღმოსავლურ შენაკადთან ერთად, ტიპოლოგიურად ევროპული კულტურაა. ამას ვერაფერს მოუხერხებენ ვერც ჩვენი დაუძინებელი მტრები და ვერც ჩვენი დაუძინებელი „მეგობრები“.

 

მეორე მხრივ, ეს ჩვენი გზა, უნდა განვვლოთ უდიდესი პრაგმატიზმით, რაციონალიზმით, რომელთა მიზანიც, სათავეც და ენერგიის წყაროც არის სიყვარული - თავდადებული მსახურება სამშობლოსი და ადამიანისა, ჰუმანიზმი.

 

ბოლო ხანებში, ჩვენი ნაცისტი გიჟების გიჟობების და მათი უცხოელი ლობისტების მტრობის მიუხედავად, ჩვენ ამას ვახერხებთ. სწორედ ამ პროცესის გამო, დარტყმის ობიექტი ხდება სიკეთის მთესველი ადამიანი. და ეს მისი ჯვარია - აგოს პასუხი სიქველისათვის, პატრიოტიზმისათვის, ჰუმანიზმისათვის, სამშობლოსათვის...

 

ვიცი, ეს ჩემი ტექსტი მხოლოდ და მხოლოდ ხელოვანის „ბოდვაა“... არც მაქვს პრეტენზია პოლიტიკოსობაზე. მაგრამ, მჯერა, რომ სკეფსისმა არ უნდა გაიმარჯვოს რწმენაზე; მჯერა, რომ ახალი ტიპის ტოტალიტარულმა აზროვნებამ, ახალი ტიპის ტოტალიტარიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს ადამიანზე, ჰუმანიზმზე, პატრიოტიზმზე, სიქველეზე, ღირებულებებზე...

 

თქვენს რას ფიქრობთ, ბატონო რობერტ?

 

„თამაშის დასასრულის“ პასუხი ვიცი - თქვენ გწამთ ადამიანის გადარჩენის, სიკეთის გამარჯვებისა - საოცარი სცენა გერშვინის მუსიკით... არ ვიცი, „პრომეთეში“ რას გვეტყვით...

 

სიკეთე... სიკეთე... სიკეთე... ესეც თქვენი, თქვენეული პასუხია...“ - წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner