საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას განცხადებით ბოლო დროს გააქტიურებული თემა იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა გაიზარდა სინამდვილეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ ხაბურძანიამ გაზეთ „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ სინამდვილეში რუსეთის თემით მანიპულირება დასავლეთის ჩავადნილი პოლიტიკის შედეგია.
„ამერიკელებს აწუხებთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. სხვა რესპუბლიკებში და თუნდაც აზერბაიჯანში ან სომხეთში ამ ფულს მაგათ არავინ დაახარჯვინებს. მე საქართველოში რუსული პროპაგანდის ოდნავ ჩანასახსაც კი ვერ ვხედავ, რაც ხდება, ეს არის, უბრალოდ, საზოგადოების რეაქცია დასავლეთის ჩავარდნილ პოლიტიკაზე. აგერ, გამოდის აპატურაი და კვარტალში ერთხელ ბოდიალობს რაღაცას, ამ ადამიანს ნებისმიერი თავმოყვარე ერი ნამდვილად გალახავდა. ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ აპატურაი საცემია! ამერიკა ისეთივე ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული სახელმწიფოა, როგორც სხვა დიდი სახელმწიფოები, ეს მოხსენება კეთდება იმისთვის, რომ თავიანთი წარუმატებლობა სხვას გადააბრალონ, მეორე - მათ ახლა უნდა გამოძებნონ მტრის ხატი და თავი იმართლონ: აი, იცით, რუსები გვიშლიან ხელს, თურმე ე.წ. „რბილი ძალა" მოდის და ასე შემდეგ. მათ ხალხი დარაზმული ჰყავთ საქართველოში ვითომლიბერალებისა და დემოკრატების სახით, საკმარისია, რაღაც თქვა, ეგრევე მოგდგებიან და ჩაგაქვავებენ, რომ შენ ხარ პუტინის მონა, პუტინის ჩექმების ამლოკავი და ქვეყნის მტერი. მე არასოდეს მითქვამს, რომ ისინი არიან ქვეყნის მტრები და ამერიკელების ჩექმების მლოკავები, ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ, მე თუ მტერი ვარ, რატომ ვარ? შენ თუ მოყვარე ხარ, რა გააკეთე? რა უნდა ამერიკას, ჩვენი მოკავშირეობის შედეგი სად ჩანს? ამ 3 მილიარდ-ნახევრიდან საქართველოს რა თანხასაც გამოუყოფენ, ის ფული რომ ეკონომიკაში ჩაიდოს, მე ტაშს დავუკრავ. მაჩვენონ ერთი წარმატებული ამერიკული პროექტი ჩვენს ქვეყანაში. რაში ხარჯავენ ისინი ფულს? სიტყვათფუჭობაში, ლაყბობაში, ჭორიკნობაში, ქართველი საზოგადოების გაბოროტებაში. ახლა ჩვენი იურისტები ამერიკაში ჩავლენ, ჩვენებური გაგებით „ატკატებს" შესთავაზებენ, ახლა ნურავინ ნუ დამიწყებს ლაპარაკს, რომ იქ „ატკატები" არ არსებობს, ამას ჰქვია ლობიზმი, ასევე ჰქვია სხვა სახელები და მშვენივრად აკეთებენ ფულს. თუ ნახევარი მილიარდი მოგვცეს, აქედან 100 მილიონი „ატკატებში" წავა, დანარჩენი კი დაიხარჯება საქართველოში. დაახლოებით 25 მილიონი წავა „რუსთავი 2"-ში, ამდენი ჯდება ამ ტელეკომპანიის შენახვა წლიურად. შეიძლება ცოტა მეტიც მისცენ, სადღაც 30-40 მილიონი. დაახლოებით 10 ასეთ ორგანიზაციას დააფინანსებენ ამერიკელები საქართველოში... არც ნატოში გვიღებენ, არც ეკონომიკურად გვეხმარებიან, ისინი ცდილობენ, სიტყვით რუსეთი გააღიზიანონ. მე დანამდვილებით გეუბნებით, რაღაც მცირე რუსული ფონდები თუ არსებობს, ეს დახმარებები განისაზღვრება 5-10 ათასი ლარით წელიწადში. თუ ეს რუსული პროპაგანდის გაძლიერებაა და ამის გამო ამერიკელები აპირებენ, მილიარდები დახარჯონ, მაშინ ვერ ჰქონიათ კარგად საქმე. ვერ გავიგე, 1 რუბლი 100 ათასი დოლარი უღირთ?"