logo_geo
eng_logo
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
- +

10 თებერვალი. 2023. 17:15

 

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა სხდომაზე „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილეს და მას მხარი დაუჭირეს.

 

კონცეფცია, რომელიც ქალების ეკონომიკაში ჩართულობას უკავშირდება, განსახილველად, ერთ-ერთმა ინიციატორმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა წარადგინა.

 

„ქალების ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ეს მიიღწევა შემოსავლების უთანასწორობის დაძლევით და ეკონომიკური დივერსიფიკაციის ზრდით, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებით, რასაც მოაქვს ეკონომიკური მდგრადობა. იმისათვის, რომ მივიღოთ ქალთა რეალური ეკონომიკური გაძლიერება, რაც ქალთა სიღარიბის დაძლევის მთავარი წინაპირობაა, აუცილებელია ქალებს ჰქონდეთ დამოუკიდებლობა და თვითრწმენა, რომ შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება, მათ შორის, ჰქონდეთ საკმარისი რესურსი, რომ გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და ძალადობისგან თავისუფალი გარემო“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

მისი თქმით, კონცეფცია მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით საქართველოში თანასწორობის  უფლების განმტკიცებისაკენ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური დოვლათის გაზრდას.

 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის  ასოცირების ახალი დღის წესრიგით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან, ამავდროულად კონცეფცია ეხმიანება ევროკავშირის თორმეტ პუნქტიანი რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულებას.

„ერთი მხრივ, კონცეფცია წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ვრცელ განმარტებას. მეორე მხრივ, კი, კონცეფციაში წარმოდგენილია სახელმწიფოს ხედვა ქალთა სიღარიბის დაძლევისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების უზრუნველყოფის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ამოსავალი წერტილია ტრანსფორმაცია ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, ინსტიტუციურ და პოლიტიკის დონეზე“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით განსაზღვრულია შემდეგი მიმართულებები:  ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა; გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება; საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება და ა.შ.

 

მომხსენებლის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ  ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია ითვალისწინებს ქალთა და გოგონათა სიღარიბის დაძლევას და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

აღსანიშნავია, რომ შემუშავებული კონცეფცია წარმოადგენს მრავალპარტიულ დოკუმენტს.

 

„აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია რათა, თანასწორობის კონსტიტუციური უფლება იყოს უზრუნველყოფილი. წარმოდგენილი კონცეფცია არის პირველი ნაბიჯი და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ცხადყოფს იმას, რომ პარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერით შეგვიძლია ვისაუბროთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და გვქონდეს ერთიანი პოზიცია და ხედვა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner