პროკურატურა ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები, თუმცა შეცვლილი კვალიფიკაციით დ.კ და გ.კ დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფეხის არეში დაზიანება მიიღო.
ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში.
დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) ჰქონდათ წარდგენილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეცვალა კვალიფიკაცია განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენისა და შენახვის ნაწილში და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთლობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო ტარება), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) და ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბრალდების მხარე სასამართლოს განაჩენს, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.