„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკოს გიგი უგულავას საქმეს ეხებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, უგულავას დაკავება კანონიერი იყო.
„სტრასბურგის სასამართლომ მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. რომლის თანახმად, გიგი უგულავას დაკავება კანონიერი იყო.
უგულავას დაკავების დროს დაცული იყო შესაბამისი პროცედურები, ბრალდების მხარეს ჰქონდა მისი დაკავებისთვის საჭირო მტკიცებულებები, უგულავას დაკავება იყო სამართლებრივი და არა პოლიტიკური აქტი.
სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობა და ობიექტურობა დაადასტურა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებს, თავის გადაწყვეტილებას კი ფაქტობრივი მტკიცებულებების გათვალისწინებით იღებს.
სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ანგარიშსწორება, რაც მიშას დროს იყო გავრცელებული, არ ხორციელდება! სასამართლომ განმარტა, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტის მინიჭებას.
დამნაშავემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა“, - წერს დავით ჩიხელიძე.