„საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს მკაფიო დასავლურ კურსს და დასავლური ღირებულებების ერთგულებას, რომელში ეჭვის შეტანა დაუშვებელია“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში სტუმრობა დადებითად უნდა შეფასდეს, ჯუანშერ ბურჭულაძემ უაღრესად მნიშვნელოვანი, დროული და შედეგზე ორიენტირებული ვიზიტი განახორციელა.
„აშშ-ში ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს მკაფიო დასავლურ კურსს და დასავლური ღირებულებების ერთგულებას, რომელში ეჭვის შეტანა დაუშვებელია.
თავის მხრივ აშშ-ში ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, აღნიშნავს საქართველოს ფასდაუდებელ ღვაწლს გლობალური უსაფრთხოების საკითხში.
ორმხრივმა შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა, ბატონი მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა ოფიციალური პენტაგონი: „საქართველომ დასავლეთთან კავშირები გააღრმავა და განამტკიცა გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“ აღნიშნული განცხადება, არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება! შეხვედრის დროს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ხაზი საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას გაუსვა: „საქართველო იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ნატო-ს მისიაში“ ჯუანშერ ბურჭულაძის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი აშშ-საქართველოს სამხედრო ურთიერთობის ახალ სიმაღლეზე აყვანა არის, რაც იარაღის გამარტივებული წესით შესყიდვის შესაძლებლობას იძლევა, საქართველოს შეეძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს.
ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრის დროს კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, გავზარდეთ თავსებადობა და ა შ. როგორც საკანონმდებლო ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით. აღნიშნულს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიცია და განცხადებებიც ადასტურებს!“ - წერს დავით ჩიხელიძე.