კურორტი ბაკურიანი ვითარდება - იყო ბევრი პრობლემა განაშენიანების კუთხით. შეიქმნა განაშენიანების გეგმა, ქაოტური მშენებლობები გაჩერდა, ბევრი რამ ინფრასტრუქტურული კუთხით გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, პრემიერის ინიციატივით ბაკურიანის ცენტრალური ადგილებისა და ქუჩების მოწესრიგება დაიწყო.
„ეს ყველაფერი, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება, მაგრამ რა თქმა უნდა კურორტის იერსახის გაუმჯობესებასაც. ჩვენ ბევრ მნახველს ველოდებით, ამ 2-3 კვირის განმავლობაში გამოწვევა არის, მაგრამ ყველა მობილიზებულია, ყველანაირი გეგმა არსებობს იმისთვის, რომ მაღალ დონეზე წარიმართოს მუშა პროცესი და საქართველომ ღირსეულად წარმოაჩინოს თავი. ამ ტურნირს მსოფლიოს ათეულობით მილიონი ადამიანი იხილავს პირდაპირ ეთერში, ასეთი ტურნირი საშუალებას გვაძლევს, რომ ცნობადობა გავზარდოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სოუბორდსა და ფრისკიში. ბაკურიანი - 2023 საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება და მასში იასპარეზებს 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვ.) 700-მდე სპორტსმენი. მსოფლიო ჩემპიონატზე, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, გაიმართება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში