გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატში ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლა, კვლავ დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა უკიდურესად გაირთულა 1:2.
ლა ლიგის 21-ე ტურში ქართველის გუნდმა ბასკები „მესტალიაზე“ მიიღო. მამარდაშვილი „ვალნსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო. სხვა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გიორგის პირველ ნახევარში ბევრი საქმე არ ჰქონია.
„ვალენსია“ მე-17 წუთზე სამუელ კასტილეხომ დააწინაურა და წინასწარ გამზადებული მაისური გამოაჩიან წარწერით Pray For Turkey (ილოცეთ თურქეთისთვის).
31-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში კარგი ინდივიდუალური მოქმედების ხარჯზე ანგარიში ნიკო უილიამსმა გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში გუნდები უფრო ფრთხილად თამაშობდნენ და მომენტებიც ნაკლებად იქმნებოდა. პირველი რეალური მომენტი 72-ე წუთზე „ბილბაომ“ შექმნა და დაწინაურდა – ინიაკი უილიამსის გადაცემით ოიჰან სანსეტიმ ისარგებლა და ახლოდან ისე დაარტყა, რომ მამარადშვილს ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონია. „ვალენსიას“ მცველები ამჯერადაც შეცდნენ.
79-ე წუთზე „ბილბაოს“ უპირატესობის გაზრდა ისევ ინიაკი უილიამსმა სცადა, მაგრამ მამარდაშვილმა კარგი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა.
საბოლოოდ, „ვალენსია“ 1:2 დამარცხდა და საქმე ძალიან გაირთულა – 21 ტურის შემდეგ 20 ქულით გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე და სულ 2 ქულით ასწრებს „ხეტაფეს“, რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს.