ავტორი ბიძინა დვალი
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორი ათწლეულის თავზე იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, რომ ვერც „ვაი“-ს გავეყარეთ და ამასობაში „უი“-საც ღრმად შევეყარეთ. დიახ, ათი წლის წინ ასეთ რეალობაში მოგვიწია სახელმწიფო პოლიტიკის თავიდან დაწყება, ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და ღირსეული ცხოვრების უფლებისთვის ბრძოლა.
„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ სასაცილოდაც არ ჰყოფნით არც გაცხადებულ მტერს და არც მეგობრად და პარტნიორად წოდებულს. ახალი არაფერია, ეს გზა ათიათასჯერ გაგვივლია და კიდევ გავივლით.
სხვადასხვა ეპოქაში, მსოფლიოს დიდი გადანაწილებების თანმდევი მოვლენები გარკვეულ კანონზომიერებებს ემორჩილებოდა ხოლმე. დღეს მიმდინარე პროცესი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ „ძველი ლოგიკის“ ჩარჩოებიდან სრულად არის ამოვარდნილი, მოზაიკური განვითარებით ხასიათდება და უფრო გვაგონებს ბრძოლას წესების გარეშე.
გასული საუკუნის ათიან წლებში ბრძოლის ველი ორ ბანაკად გაიყო. მხარეების შემადგენელი სახელმწიფოები პროცესებში ყველა რესურსით იყვნენ ჩართული, მათ შორის ცოცხალი ძალით. დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ერთი მხარე აღმოჩნდა გამარჯვებული, ხოლო მეორე დამარცხებული. მსგავსი განვითარების მოწმე და მონაწილე გავხდით ორმოციანი წლების დიდი გადანაწილების პერიოდშიც.
წინა აბზაცში მოტანილი მაგალითებიდან თითოეული ერთ მთელად შეკრულ მოვლენათა განვითარების ჯაჭვს წარმოადგენდა, თავისი დასაწყისითა და დასასრულით. მათგან განსხვავებით, დღეს მიმდინარე პროცესი არის აღმავალი და დაღმავალი საფეხურებისა და ათასგვარი განშტოებებისგან შემდგარი და მოკავშირეთა შორის შინაგანი დაპირისპირებებით გაჯერებული მოვლენათა ერთობა.
რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს - საქმე ისე მიდის, დიდი ალბათობით, მხარეთა ორივე მთავარი სუბიექტი, ამერიკის შეერთებული შტატებიც და რუსეთიც, შეიძლება აღმოჩნდეს გამარჯვებულის მდგომარეობაში(?!), ხოლო ომში ჩართული დანარჩენი სუბიექტები, უწინარეს ყოვლისა, ევროკავშირის სახელმწიფოები - დამარცხებული.
შემოთავაზებული ანალიზიდან აშკარად იკვეთება, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მიღმა „იმალება“ დიდი პარალელური პროცესი, სადაც ამერიკისა და რუსეთის საერთო ინტერესები მყარად უნდა იყოს ერთმანეთთან გადაჯაჭვული. სხვანაირად, ორივეს გამარჯვებულის რანგში ყოფნა სრულიად წარმოუდგენელი, აბსურდული შედეგი იქნებოდა. სიტყვა „იმალება“ ბრჭყალებში იმიტომ ზის, რომ კრიზისებისთვის განწირული სახელმწიფოები საკმაოდ ინფორმირებულები არიან ყველა კულუარული მანევრის შესახებ, უბრალოდ, არ ძალუძთ წინ აღუდგნენ მათთვის საზიანო მოვლენათა განვითარებას.
უკრაინის ომის დასრულებასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით ქართველ ანალიტიკოსთა პოზიცია ორად არის გაყოფილი. ერთნი ამბობენ, რომ ომი ისე დასრულდება, როგორც ამას რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები (შეთანხმება) გადაწყვეტს, ხოლო მეორე (რომელთა რიცხვში საკუთარ თავსაც მოვიაზრებ) მთელი დამაჯერებლობით ამტკიცებს, რომ ომი დასრულდება იმ შედეგით, რომელზეც რუსები და ამერიკელები ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იყვნენ შეთანხმებული.
დამეთანხმებით, პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულებებია, მაგრამ ერთი, მე ვიტყოდი - ცინიკური შედეგით(!). ცინიკურით, რადგან ეს ორი პოზიცია მეტად საყურადღებო, ობიექტური რეალობით ნაკარნახევ ერთ საერთო „დეტალს“ შეიცავს - არცერთ შეფასებაში უკრაინა, როგორც სუბიექტი არ ფიგურირებს.
შექმნილ ვითარებაში ჩვენი ამოცანა უცვლელია - მსოფლიო პოლიტიკის ზემძლავრ სუბიექტთა დავაში ციცაბო ბილიკებით ფრთხილად, დაუზიანებლად გავიაროთ წყალსა და მეწყერს შორის. ასე იყო წინა საუკუნეში, ასე იყო წინის წინა საუკუნეში, ასე იყო ათასი და ორი ათასი წლის წინაც, ასე იქნება მომავალშიც.
სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებრივ აზრს კარგად აქვს გაცნობიერებული ეს ყოველივე, რაც აძლიერებს იმის შეგრძნებას, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა.
ბიძინა დვალი
12.02.2023 წ.