ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მავნებლები მავნებლობენ, ფუტკრები მუშაობენ! (მორიგი საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისგან). კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტით გაგვახარა კახა კალაძემ ამ დილას - კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა. თურმე, აღნიშნული პროექტი ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ვამბობთ „ქართუს“, იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი, რომლის საჩუქრებს ვეღარც კი ვითვლით.
დიახ, ასეა! მაშინ, როცა პარაზიტები ქუჩაში დარბიან და გადატრიალებით იმუქრებიან, სახელმწიფოს კაცები, ანუ ფუტკრები საქმეს აკეთებენ, აშენებენ და აშენებენ.
ახლა რაღა გვაჩუქა ბიძინა ივანიშვილმა, რას ნიშნავს აღნიშნული პროექტი?
კახა კალაძის თქმით, უკვე მომზადებულია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია. ის ითვალისწინებს ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი - ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად.
მერის განმარტებით, ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბუნებრივი მასალები, მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა და გარემოს ცვლილება რკინისა-ბეტონის საფარით:
„ვინაიდან ქვეითები ხშირად სარგებლობენ კუს ტბის სამანქანე გზით, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს მათ უსაფრთხოებასაც. ტერიტორიაზე მოვაწყობთ საპიკნიკე ზონებსაც“.
გასაგებია... პროექტი გახლავთ იმ ტყის განაშენიანების ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ფერდობზე დაიწყო. მართალია, ეს პროექტი არც მწყრების დაპატიმრებას ითვალისწინებს, არც ზღვის გადმოგდებას, მაგრამ, ალბათ, პარაზიტები მაინც გამონახავენ საკბილოს. სულაც რომ არაფერი, შავ ფონზე ქაღალდებს დაალაგებენ და გამოაცხადებენ, ბილიკები ბიძინა ივანიშვილს თავისთვის სჭირდება. მერე სადმე გვირაბს გადაიღებენ და მოსახლეობას ამცნობენ, აქ რუსი ოლიგარქი საიდუმლო სამზარეულოს იშენებსო. მაშ, კაცო, მაშ... რომელიმე ბილიკით რომ გაიქცევა, სადმე თავი ხომ უნდა შეაფაროს?
მოკლედ, პარაზიტები ქუჩაში დარბიან, ფუტკრები მუშაობენ. ეგრეც უნდა იყოს, აბა, როგორ?
წარმატებები კახა კალაძეს, ბიძინა ივანიშვილს და თბილისის მერიას!“ - წერს გელა ზედელაშვილი.