logo_geo
eng_logo
საქართველოს ელჩი თურქეთში ქ. ადიამანის გუბერნატორს შეხვდა და ქართველი ხალხის სახელით თანადგომა გამოუცხადა
- +

12 თებერვალი. 2023. 23:50

 

 

საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან, სადაც ისინი ქართველ მაშველებსა და თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ. გარდა ამისა, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ქ. ადიამანის გუბერნატორთან, მაჰმუთ ჩუჰადართან.

 

ჯანჯღავამ საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და თანადგომა გამოუცხადა თურქ ხალხს. თავის მხრივ, გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის, აღნიშნა ქართველი მაშველების განსაკუთრებული წვლილი და თავდაუზოგავი შრომა, რის შედეგადაც სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

 

ჯანჯღავას განცხადებით, საქართველოს ათეულობით მოქალაქემ თურქეთის ტერიტორია დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ მძიმე დღეებში დამსაქმებელთა ოჯახებს არ ტოვებენ.

 

ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალება. სამი მათგანი უკვე გადასვენებულია საქართველოში, ორი მოქალაქის გადასვენების პროცედურაზე კი საელჩოს საკონსულო სამსახური მუშაობს. სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩომ პირველადი საჭიროების ნივთები ჩაიტანა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო, გაზიანთეფში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველივე წუთებიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner