საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ არ ჰგონია, სამეგრელომ „მოჩლექილი" მეგრულის გამო მისცეს ხმა სანდრა რულოვსს და დაივიწყოს კასრები და ის უბედურებები, რაც იყო.
ქანთარია არ ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსის კანდიდატურის დაყენების გამო „ქართული ოცნება" მის მიერ დასახელებულ კანდიდატს შეცვლის.
„არ შემიძლია ჯერ ამაზე კომენტარის გაკეთება. ეს არ ყოფილა განხილული არც პოლიტსაბჭოს ფორმატში, არც კულუარულად. რაც შეეხება იმას, რომ სანდრა რულოვსის ჩართვა დასჭირდა სააკაშვილს, ეს განწირული თამაშია. არც იმას გამოვრიცხავ და მათგან ყველაფერი მოსალოდნელია, რომ სადღაც თვის ბოლოს სანდრა რულოვსს თავი გაუტეხონ თვითონ, დააწვინონ საავადმყოფოში და მიიყვანონ საერთაშორისო დამკვირვებლები. სანდრა რულოვსი მსხვერპლად ჰყავთ. არა მგონია, სამეგრელომ „მოჩლექილი" მეგრულის გამო სანდრას მისცეს ხმა და დაავიწყდეს კასრები და ის უბედურებები, რაც იყო, ის შეურაცხყოფა, რაც სწორედ სამეგრელომ გადაიტანა. მე დარწმუნებული ვარ, მეგრელი ხალხი ამ შემთხვევაშიც გამოიჩენს იმ განსჯას, რაც უნდა გამოიჩინოს ასეთ დროს ამომრჩეველმა", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.