logo_geo
eng_logo
თბილისის ბოტანიკური ბაღის გამქრალი „გედის ტბა“ და აღდგენილი „კუპიდონი“
- +

30 აგვისტო. 2016. 11:09



საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე წავკისის წყლის ნაპირას 1896 წელს წყლის საგუბარი მოაწყვეს, რომელსაც შემდგომ „გედების ტბა" ეწოდა. მის ირგვლივ ბამბუკებისა და ჭადრების საკოლექციო ნაკვეთი გააშენეს.



სამწუხაროდ, ტბა XX საუკუნის 70-იან წლებში გაუქმდა.

ამჟამად „გედების ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე ბამბუკის ბაღია გაშენებული.



საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი თამარის ხიდია, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება. ის ქართული აგურის მშრალი წყობით არის ნაგები და ნარიყალას ციხის ზედა მარცხენა შესასვლელს ტაბახმელა-ანატოლიის გზასთან აკავშირებდა. ხიდი დიდი ჩანჩქერიდან 50 მეტრით ზემოთ მდებარეობს.



ხიდს რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა, გამოცვალეს მოაჯირები და შეაკეთეს ძირითადი კონსტრუქცია.


თამარის ხიდი დამთვალიერებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.


თბილისის ბოტანიკური ბაღის ღირსშესანიშნაობაა, ასევე, „კუპიდონის" („მჯდომარე ბიჭის") და „ნერეიდას" („მოთევზავე ქალის") ქანდაკებები, რომლებიც მუზეუმთან და თეთრ ხიდთან, წიწვოვან მცენარეთა კოლექციის ტერიტორიებზე არსებულ აუზებშია განთავსებული. ქანდაკებები 2015 წელს აღადგინეს.


„კუპიდონი" 1958 წელს, ხოლო „ნერეიდა" 1965 წელს შეიქმნა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ამშვენებდნენ ბოტანიკურ ბაღს, მაგრამ, სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იან წლებში გაანადგურეს.


ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ შესასვლელს „განჯისკარი" ეწოდებოდა, რომელიც „აბრეშუმის გზის" ერთ-ერთი მთავარი საბაჟო-გამშვები პუნქტი იყო, სადაც საბაჟო გადასახადებს კრეფდნენ.


რაც შეეხება სახელწოდება „განჯისკარს", ის პირველად ჯალალედინის მიერ თბილისის ალყის აღწერისას გვხვდება. მას ხშირად „განძის კარს", „კარის კარს" და „ციხის კარსაც" უწოდებდნენ.

 

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner