logo_geo
eng_logo
როზა ინანიშვილი: მივხვდი, რომ ეს იყო სიყვარული, ძალიან ღრმა სიყვარული რეზოსადმი
- +

30 აგვისტო. 2016. 11:45


 

ქართველი მწერალი რევაზ ინანიშვილი სოფელ ხაშმში დაიბადა. იგი ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო ლიტერატურაში. მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „არდადეგები", „დაბრუნებული ღიმილი", „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", „ფერმა მთაში", „ზაფხული სოფლად", „პასტორალი", „ნატვრის ხე" გიორგი ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი „ქვიშანი დარჩებიანო". მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. რევაზ ინანიშვილის ცხოვრებისა და სიყვარულის შესახებ, „სითი კვირას" მისი მეუღლე როზა ინანიშვილი ესაუბრა:



- როგორ გაიცანით ერთმანეთი? გვიამბეთ თქვენი სიყვარულის შესახებ...


- პედაგოგიურ სასწავლებელში ვსწავლობდი. ერთ ზაფხულში უჯარმაში ვისვენებდი. რეზო იქ მუშაობდა. უჯარმა პატარა სოფელია, თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. რეზომ რომ დამინახა, დაინტერესებულა, ვინ არისო? რეზო ჩემზე 7 წლით უფროსი იყო და თურმე, ფიქრობდა, რანაირად დავუახლოვდე, პატარა გოგო არისო. იგი ჩემს დასთან, ნინიკოსთან მეგობრობდა. ერთხელ ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები. ჩემი და დაღონებული იყო. რეზომ ჰკითხა მიზეზი. მან უპასუხა, ჩემს დას ათხოვებენო. მე პატარა ვიყავი. მოხუცი მამიდა მზრდიდა და ფიქრობდა, რომ პატრონი მჭირდებოდა. საქმროდ შემირჩიეს პიროვნება, რომელიც სოფელში პედაგოგად მუშაობდა. ძალიან კარგი ბიძა მყავდა, მეუბნებოდა: - შვილო, შენ ვინც გინდა იმას გაყევი, ჩვენ ნუ გაგვიწევ ანგარიშსო.

ეს ამბავი რეზოს, რომ გაუგია, ჩემი დისთვის უთქვამს, მე მომათხოვეთო. ჩემს დას გასცინებია: - არავისთვის მემეტება, ჯერ პატარა არისო. რეზოს კი უთქვამს, - არა უშავს მოვიცდიო.

 

 

ერთხელ რეზო ჩვენთან მოვიდა, ვითომ ალუბლის საჭმელად. პირველი დანახვით არ მომეწონა. არც კარგად ეცვა, თან გრძელი თმები ჰქონდა. მოდაში კი იყო ბიჭებზე გრძელი თმა, მაგრამ მე არ მომწონდა და ვიფიქრე, ეს რა მეგობარი ჰყოლია ჩემს დას-თქო. რეზო ჩამოჯდა ბილიკზე და ფეხსაცმელის ლანჩში მავთული გაუყარა. ჩემმა დამ რომ მითხრა რეზოს განზრახვის შესახებ, ვიუარე. მაშინ ნინიკომ მითხრა: - არ ხარ მისი ღირსიო!  მან იცოდა, ვინც იყო რეზო, მე კი გარეგნობით შევაფასე. გავიდა წელიწადი. ერთ დღეს ჩემი და ჩემს სანახავად ჩამოვიდა, რეზოც თან მოჰყვა. მითხრა: - რეზოს დასთან ვარ დაპატიჟებული და შენც წამოდიო.


თურმე, ჩემს სანახავად საგანგებოდ ჩამოსულან რეზოს დედა და ბიძა. მივედით. თამამად ვარ. სუფრა გაშალეს. რეზომ წარმადგინა თავისიანებთან. ნინიკოს და არისო. მაშინ, 17 წლის ვიყავი, ჩემთვის გასაგები იყო ყველაფერი, რაც ხდებოდა, ვერ ვიკადრე წამოსვლა. მეორე ჩამოსვლაზე რეზომ თეატრში დაგვპატიჟა, მეც გავყევი. ნინიკო პერიოდულად ჩამოდიოდა, თან რეზო მოჰყავდა. დროთა განმავლობაში რეზოს მიმართ სულ სხვა შთაბეჭდილება შემექმნა. ისე გავთამამდი, რომ გვერდით სიამოვნებით დავყვებოდი ხოლმე. მერე ეს გადაიზარდა ჩვევაში. თავისთავად მივეჩვიე. მალე რეზო, ნიკო კეცხოველის დახმარებით სასწავლებელში აღადგინეს და უკვე თბილისში იყო და ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით. ვენდობოდი, ეჭვი არასდროს მეპარებოდა მასში. შემატყო, რომ მივეჩვიე და მკითხა: - ისეთი პატარა არ ხარ, ვერ ხვდებოდე, რატომ მოვდივარ შენთან, თუ მოგწონვარ, მითხარი, თუ არა და, აღარ მოვალო.


ისე მივეჩვიე მას, რომ შევიცხადე, - როგორ თუ აღარ მოხვალ-მეთქი და მეგობრობა შევთავაზე. ამაზე უარი მითხრა და წავიდა. ვერ აღვწერ, რა დღეში ვიყავი. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო სიყვარული, ძალიან ღრმა სიყვარული. მის გარეშე რომ ვერ ძლებ. დავიწყე ტირილი, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ მახსოვს, რამდენი ხანი იყო გასული. ერთ დღესაც რეზო მოვიდა, მაშინ ვეღარ შევიკავე თავი და ვაკოცე. ყველაფერი უკვე ცხადი გახდა. ერთხელ არ უთქვამს, ან მომწონხარ, ან მიყვარხარო. ისე მეგობრებივით ვიყავით. იანვრის არდადეგებზე დავქორწინდით.


 

- იმ ხანებში სამწერლობო მოღვაწეობა უკვე დაწყებული ჰქონდა? 


- პირველ-მეორე კურსზე იყო, ალმანახი „პირველი სხივი" გამოდიოდა და ახალგაზრდები თავიანთ ნაწარმოებებს იქ აქვეყნებდნენ. რეზოს მხოლოდ ერთი მოთხრობა „სახსოვარი" ჰქონდა დაბეჭდილი. იმ დროისთვის მეტი არაფერი ჰქონდა დაწერილი. ამბობდა:- ბავშვობაში ლექსებს ვწერდიო. 1953 წელს კი პირველი წიგნი „პირველი მოთხრობები" გამოსცა. წერდა და ვცხოვრობდით მკაცრი ცხოვრებით. ბინა არ გვქონდა, ჩემს მულთან, 8 სული 20 კვ. მეტრში ვცხოვრობდით. ხანდახან ადგილი რომ არ იყო, დიდი საწერი მაგიდა გვქონდა და იმაზე იძინებდა ხოლმე. მერე მარჯანიშვილზე ერთოთახიანი ბინა მივიღეთ, სადაც 11 წელი ვიცხოვრეთ. შემდეგ კანდელაკზე აშენდა ბინა ლიტერატორებისთვის. მადლობელი ვარ გრიგოლ აბაშიძის და ხუტა ბერულავასი, მათი მხარდაჭერით გადავედით იქ საცხოვრებლად.


- როგორი იყო ოჯახში, საზოგადოებაში?


- რეზო ძალიან მორიდებული იყო. მეტყოდა ხოლმე, - ქართველების მეგობრობა სუფრებზე ყალიბდებაო. ჩვენ საშუალება არ გვქონდა, ვინმე მოგვეწვია. მისვლა-მოსვლითი ურთიერთობები არ გვქონდა. უფრო მოგვიანებით შევძელით. უფრო მხატვრებთან მეგობრობდა. ყველა უყვარდა. არ მახსოვს, რეზოს ვინმეზე რამე უარყოფითი ეთქვას.



- როგორი იყო შემოქმედებით პროცესში?


- სხვა მწერლების ყოფა-მუშაობის შესახებ რომ შევიტყვე, საოცარია, როგორ მუშაობდა რეზო. ჩვენ დიდი ოჯახი ვიყავით. ძირითადად რეზო იყო ოჯახის მარჩენალი. ძალიან გვიჭირდა. პლეხანოვზე ჯაფარიძის სახელობის ბიბლიოთეკაში ან საჯარო ბიბლიოთეკაში ჩადიოდა და იქ მუშაობდა ხოლმე. სოფელში მიდიოდა, ეხმარებოდა დედას, თან სწავლობდა. ერთოთახიანი ბინა რომ მივიღეთ, მაშინაც უჭირდა მუშაობა. რომ ემუშავა, საკუთარი მაგიდა და სკამი არ ჰქონდა. მიკვირს, რაც შექმნა. ნატრობდა ხოლმე, რამდენიმე თვე მყავდეს შემშველებელი, ჩემს ცოლ-შვილს რომ არ მოშივდეს და ვიმუშაოო. მაგრამ ამის საშუალება არ ჰქონდა. ერთი პერიოდი თავის თავზე გაბრაზდა. ამბობდა, რატომ ავიტეხე მწერლობა, გაშიმშილებთ, ყველაფერი გენატრებათო! სანამ უნივერსიტეტში მოეწყობოდა, 31-ე ქარხანაში ზეინკლად მუშაობდა. ამბობდა წარმატებები მქონდაო, მოვწონდი უფროსებსო. ვყოფილიყავი იქ, კარგად გაცხოვრებდითო. რაღაცა გამოუგონია, რაც შეამცირებდა ადამიანის შრომას, მაგრამ ეს არსად იყო დაფიქსირებული. უნდა დავანებო მწერლობას თავი და უკეთესად გაცხოვრებთო.


მართლაც კალამი აღარ აუღია. ვერ ვიტყვი, რამდენი დღე გაძლო და თქვა არ შემიძლია, უამისოდ ვერ ვიქნებიო და ისევ მოჰკიდა კალამს ხელი. ყველაფრის მიუხედავად, მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. მეც და შვილებიც ვიტანდით ყველაფერს. ვიცოდით, რომ რეზოს ხელშეწყობა სჭირდებოდა და რაც შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით. არაფერს არ ვთხოვდით. ბოლო წლებში კინოსტუდიაში გადავიდა, დაიწყო სცენარების წერა, რომ იტყვიან, ამოვისუნთქეთ. აღარ გვქონდა პრობლემა. მაგრამ მალე დაავადდა.



- როგორც ცნობილია, ხატავდა კიდეც.


- ლექციებზე, თათბირზე, შეკრებებზე სულ ხატავდა, მერე კი ყრიდა, ამიტომ ბევრი მათგანი არ გვაქვს. მისი მეგობრები ნანობენ, რატომ არ ვინახავდითო, თუმცა ზოგს მისი ნახატები შენახული აქვს. რამდენიმე დღით შეწყვეტდა ხოლმე წერას და ამ დროს ფანქრით ხატავდა. მისი ნახატები ლიტერატურის მუზეუმს გადავეცი. მიხარია, რომ სკოლის სასწავლო პროგრამაში შეტანილია რეზო ინანიშვილის მოთხრობები.


- თქვენი აზრით, ბატონ რეზოს მოეწონებოდა დღევანდელი თბილისი?  


- მენატრება ის ძველი თბილისი. ყველაფერი მიანგრიეს და ძველი თითქმის აღარაფერი დარჩა. ხომ შეიძლებოდა შესანიშნავი ძველი ნაგებობები შეენარჩუნებინათ. ჩვენი შთამომავლობა ვეღარ ნახავს. სიძველეებს ყველა ქვეყანაში უფრთხილდებიან, ინარჩუნებენ. ალბათ, რეზო რომ მოსწრებოდა ამ გარდაქმნებს, ძალიან ეწყინებოდა. უცხოელი რომ შეხედავს, მოეწონება, კარგი რაღაცეებიც გაკეთდა.




თათია პაიჭაძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner