ევროპარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები ითხოვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედი აქტორების გავლენის გასაკონტროლებლად ისეთივე კანონები ამოქმედდეს, როგორიც აშშ-ში მოქმედებს. ამის შესახებ გამოცემა „Euractiv“ წერს.
13 თებერვალს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა, მონიკა ჰოლმაიერმა, რომელიც საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტს ხელმძღვანელობს, გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას „ამერიკული FARA-ს (Foreign Agents Registration Act, უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტი) ეკვივალენტი, რათა გაძლიერდეს კონტროლისა და გამჭვირვალობის მექანიზმები.
აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მესამე ქვეყნის ყველა პოლიტიკოსი და მათი ლობისტები ვალდებულები არიან, საჯაროდ ხელმისაწვდომ ვებგვერდზე დაარეგისტრირონ და აღწერონ საკუთარი საქმიანი ურთიერთობა ამერიკელ კანონმდებლებთან, მათ შორის ნებისმიერი ფორმალური კონტაქტები და გადარიცხული თანხები.
„ევროპის სახალხო პარტია“ ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების სრულ ფინანსურ შემოწმებას, რის შემდეგაც ისინი მოხვდებიან ევროკავშირის გამჭვირვალობის ჩამონათვალში. გარდა ამისა, „ევროპის სახალხო პარტიაში“ აცხადებენ, რომ ევროკომისიასა და არასამთავრობოებს შორის დადებული კონტრაქტები საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
როგორც „Euractiv“ წერს, ასეთი კანონის ამოქმედება იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპულ ინსტიტუტებში მეტი გამჭვირვალობისკენ.
მონიკა ჰოლმაიერის თქმით, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილის გარშემო აგორებული სკანდალი აჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან მარტივად შეიძლება იყოს გამოყენებული კრიმინალურ საქმიანობაში.
„დაუშვებელია, მესამე ქვეყნების მოქალაქეებმა და კრიმინალებმა გამოიყენონ არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა შენიღბონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა, მისცენ ქრთამი და მოიპოვონ წვდომა ევროკავშირის ფინანსებზე“, - აცხადებს „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი ევროდეპუტატი.