„2023 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლაზე და ახალი კოდექსის მიღებაზე“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
სამოქმედო გეგმაში მოცემულია ინფორმაცია მიმდინარე წელს კომიტეტის მიერ დაგეგმილი კანონშემოქმედებითი, საპარლამენტო კონტროლთან და თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ, ასევე, ორგანიზაციული და კომიტეტის აპარატის საქმიანობის შემდგომ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საკითხები.
კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია ცალკეული საკანონმდებლო აქტების კანონშემოქმედებითი მიმართულებით სისტემატიზაცია, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული გადასინჯვა, სააღსრულებო წარმოების პროცესების ახალი საკანონმდებლო აქტის პროექტის განხილვა, პენიტენციური კოდექსისა და „არასრულწლოვანთა რეფერირების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა.