სახელმწიფო კანცელარიის ყოფილ უფროსი პეტრე მამრაძე გაზეთი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიას ეხმაურება.
„ამ ქალბატონს ხალხმა არ უნდა მისცეს ხმა, ბევრჯერ იცრუა და სააკაშვილის რეჟიმის შესახებ არცერთხელ არ უთქვამს სიმართლე.
უცხოურ პრესაში ამბობდა, სტალინი და ბერია ქართველები არიან და საქართველოს დიახაც ძლიერი ხელი სჭირდებოდაო", - აცხადებს მამრაძე.
პეტრე მამრაძე სანდრას სიამოვნებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხებზე ამახვილებს ყურადღებას და იმ ვილის ისტორიას იხსენებს, რომელიც სააკაშვილმა სანდრას მორიგი შერიგების შემდეგ აკრძალულ ტერტორიაზე აუშენა.
„სანდრას მშობლებს სააკაშვილმა სახლი ისეთ ადგილას უყიდა ჭოპორტთან, სადაც არათუ ცხოვრება, სიარულიც კი აკრძალულია. ვილა, რომელიც სანდრას ქმარმა აჩუქა, სააკაშვილის წასვლის შემდეგ დაანგრიეს", - მამრაძის ინფორმაციით, ის ადგილი, სადაც ვილა აშენდა, სამხედრო დანიშნულების ობიექტი იყო.
იგი ყურადღებას ამახვილებს ვილის ჯერ აშენებასა და შემდეგ დანგრევაში დახარჯულ თანხებზე. სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი სანდრას სახით აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და მისი სახით ყოფილი პრეზიდენტი იყრის კენჭს.
მამრაძე ვარაუდობს, რომ სანდრა იძულებულია, „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთები შეასრულოს, რადგან, მისივე თქმით, სააკაშვილის გუნდში მასზე კომპრომატები არსებობს.
„არ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილსა და ადეიშვილს სანდრაზე კომპრომატები ჰქონდეთ, შესაძლოა, ამ ფაქტორების გამოა სანდრა სააკაშვილის მორჩილი, ისინი პოლიტიკური მეუღლეები არიან", - აცხადებს მამრაძე.
სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი სამეგრელოში სანდრას გამარჯვებას გამორიცხავს, იგი თვლის, რომ რამდენიმე ნასწავლი მეგრული სიტყვა ყოფილ პირველ ლედის არჩევნებს ვერ მოაგებინებს: „მეგრულად რამდენიმე სიტყვის თქმა, წამღერება და ღიმილი არ უნდა ფარავდეს „ნაცების" შემზარავ ნამოქმედარს".