აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინაში დიდი რაოდენობით დამატებითი ძალების შეყვანას.
„ისინი [რუსეთის დამატებითი ძალები] ცუდად გაწვრთნილნი და არასაკმარისად აღჭურვილნი არიან და ამის გამო მათ დიდი დანაკარგები აქვთ“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
თავდაცვის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მოელის, რომ რუსეთი გააგრძელებს ბრძოლაში დიდი რაოდენობით ჯარისკაცების შეყვანის სტრატეგიას, აღჭურვილობის ნაკლებობის მიუხედავად.
მისი თქმით, აშშ-სა და ნატოს გადაწყვეტილი აქვთ, უკრაინას თანამედროვე აღჭურვილობა მიაწოდონ.
„ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას ექნება დამატებითი შესაძლებლობები, რათა არა მხოლოდ წარმატებულნი იყვნენ, არამედ გადამწყვეტ უპირატესობასაც მიაღწიონ ბრძოლის ველზე და მომავალ შეტევაში“, - განაცხადა ოსტინმა.