"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას გულისხმობდა კუბილიუსი და კუბილიუსმაც ძალიან კარგად იცის ისიც, რომ ჩვენ ვიცით რას გულისხმობდა " - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
მისი თქმით, კუბილიუსი რეალურად აქცენტს აკეთებს იმ ინტერესზე, რომელიც აქვს საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიას - ეს არის მეორე ფრონტი და სწორედ ამის გამო გვიბიძგებენ ისინი პროვოკაციული ქმედებებებისკენ.
"სანქციებთან დაკავშირებით ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების მხრიდან არაერთხელ გაისმა ღია მოწოდება. სანქციებზე კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი. ერთი ეს არის უმძიმესი შედეგი - ესკალაცია და ამ ესკალაციას მერე მოყვებოდა სხვა პროვოკაციებიც მათი მხრიდან, მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ქვეყნის ჩათრევას ესკალაციაში და ამის ბოლო შედეგი უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა მეორე ფრონტი. და მეორე შედეგი ამ სანქციების, ვგულისხმობ ევროკავშირის სანქციებთან მიერთებას, ამ სანქციების შედეგი იქნებოდა მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა და აქაც შედეგი იგივე ექნებოდა ომის პარტიას, ამ შემთხვევაში აუცილებლად დამძიმდებოდა სოციალური ფონი, რაზეც ჰქონდათ მათ გათვლა და დამძიმებული სოციალური ფონის პირობებში მათ ჰქონდათ არეულობის შექმნის იმედი ისევ იგივე მიზნით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, როდესაც კუბილიუსი ამ ყველაფერზე გვესაუბრება, ის კონკრეტულ რამეს გულისხმობს, მაგალითად იმას, რომ აუცილებლად მისი თანაპარტიელები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში საქართველოში.
"ასეთ წესებს გულისხმობს, უნდა გადაეცეს მის პარტიას ქართული სასამართლო სისტემა და ა.შ. ეს არის მათი მოთხოვნები სინამდვილეში, მან იცის, რასაც ითხოვს და მან იცის, რომ ჩვენც ვიცით, რასაც კუბილიუსი ითხოვს, მაგრამ ეს მოთხოვნები ჩვენთვის მიუღებელია.
კუბილიუსი ვინ არის, საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭო ვახსენე. ეს არის რეალურად იმ მენტალიტეტის პოლიტიკოსი. ვარშავის პაქტის მენტალიტეტზე გაზრდილი პოლიტიკოსია. სახეებიც მახსენდება, რომ გადაიცემოდა ეთერით 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები, ზუსტად ამ გამომეტყველებით საუბრობდნენ, რა აგრესიული გამომეტყველებითაც გვესაუბრებიან დღეს კუბილიუსები, მათი წინამორბედები, ფოტიგები და ა.შ. ესენი არიან ვარშავის პაქტის მენტალიტეტზე გაზრდილი ადამიანები და მათ ვერ შეცვლი, კუბილიუსს, ფოტიგას, რასას, ფონ კრამონს ვერ შეცვლი. ესენი არიან ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ადამიანები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.