საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს.
მისი თქმით, ეს არის გრძელვადიანი მისია, რომელიც დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ ეუთო-სთან ამ მიმართულებით 1999 წლიდან. წელს ამ არჩევნებს დააკვირდება რეკორდული რაოდენობის მონიტორი ეუთო-ს მისიის ფარგლებში. ეს მისია მოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენი მიზანია წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, რათა, პირველ რიგში, იყოს ჩვენი საზოგადოების ნდობა და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების ნდობა", - განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ეუთო-ს გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან. მინისტრის განცხადებით, მათთან იქნება მაქსიმალური თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყონ საქმიანობაში.
„ჩვენ განვიხილეთ დღეს არსებული მდგომარეობა, ის მშვიდი გარემო, რომელიც დღეს არის წინასაარჩევნოდ. ასევე ყველა შესაძლებლობა, რომელიც არის პოლიტიკური პარტიებისთვის შექმნილი, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ როგორც მედიასივრცით, ასევე ყველა იმ ბერკეტით, რომელიც სჭირდებათ საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიული განვითარების კუთხით და იქნება კიდევ ერთი არჩევნები, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ ძალიან მაღალ დონეზე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის განმარტებით, ეუთო-ს მისიასთან ერთად საქართველოში მოწვეულია ასევე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის პარლამენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, გუამი, აფრიკის გაერთიანება და ასე შემდეგ.
ჯანელიძის თქმით, მოწვეულია 80-მდე სახელმწიფო, ოფიციალური სადამკვირვებლო მისიით.