"ჩვენ ვნახეთ რეზოლუცია დეკემბერში, ივნისში, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების წინ, რომელიც საერთო ჯამში გამიზნული იყო იმისთვის, რომ შეექმნა განწყობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმოცემის შესახებ. ვნახეთ სამივე რეზოლუცია, როგორ იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და გამავრცელებლად, ასევე, თავდასხმის ინსტრუმენტად საქართველოზე და ქართველ ხალხზე," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციაში ბევრი ფაქტობრივი შეცდომაა.
„ვხედავთ, რომ არის პოლიტიკური ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მფარველების სახით, რომლებიც მას, როდესაც ის ქართული მართლმსაჯულების მიერ უკვე ცნობილი იყო დამნაშავედ, ხვდებოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, იწვევდნენ სხვადასხვა სემინარზე, კონფერენციებზე, უკრაინის მოქალაქეს ალაპარაკებდნენ საქართველოზე, ის წახალისდა იმისთვის, რომ ბოლოს შემოპარულიყო საქართველოში. ბევრია ფაქტობრივი შეცდომა. პირველივე წინადადებით განწყობაც კი ჩანს, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს სააკაშვილი იმყოფებოდა დევნილობაში და ის დაბრუნდა საქართველოში. აქაც დიდი ცინიზმი დევს. ადამიანი გაიქცა საქართველოდან, ის ემალებოდა ქართულ მართლმსაჯულებას და ის შემოიპარა საქართველოში. ეს არის სიმართლე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.