"ის რაც ჩვენ ვიცით ჩვენი უახლესი ისტორიიდან, შეიძლება ასე შეფასდეს - მიხეილ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი. მან აქ შექმნა სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა ადამიანის ჩაგვრას, დამცირებას, წამებას, მისთვის ყველანაირი უფლებების ჩამორთმევას, დაწყებული სიცხოცხლის უფლებიდან დამთავრებული საკუთრების უფლებით,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს იყო სისტემა, სადაც ჩართულები იყვნენ მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები ციხის ადმინისტრაციიდან. ამ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით იყო ერთობლივი გამოძიება და მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პროკურატურას, ასევე იუსტიციის სამინისტროს, რომელიც შემდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით სტასბურგში წამროადგენდა საქართველოს. პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს დამსახურებაა ამ წლებში ამ სისტემის გამოვლენა, მისი აღწერა, დამნაშავეების დასჯა რომ მოხდა. ამ დანაშაულებთან დაკავშირებით 1 პირი დღემდე ძებნილია. საუბარია მუხაძეზე და ვიცით, რომ ის იმყოფება უკრაინაში. სამწუხაროდ დღემდე არ არის გადმოცემული საქართველოსთვის. მეორე ამ სისტემის შემოქმედი ადეიშვილი უკრაინაში სასამართლო და მართლმსაჯულების რეფორმას კურირებს. მესამე ამ სისტემის შემოქმედი დაგვიბრუნდა პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილის სახით და მეოთხე ამ სისტემის თავი და თავი დღეს რომელიც იხდის სასჯელს კლინიკაში. ამ ადამიანზე გეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი დანაშაული კი არ იყო, ეს არის ვენდეტა ქართველო ხალხო, ეს ყველაფერი თქვენ მოგეჩვენათ და სინამდილეში ეს იყო დემოკრატია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.