„ევროპა, ჩვენი არჩევანი მხოლოდ ახლა არ არის, ევროპა ჩვენი არჩევანია იმ დროიდან, რაც ჩვენ ვარსებობთ,“ - ამის შესახებ კონსერვატიზმის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტმა, პროფესორმა პაატა ჩხეიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ევროპელი ერი ვართ და ევროპელი ხალხი ვართ. ჩვენ ევროპაში ძალიან ბევრი მომხრე გვყავს, ბევრი პატივისმცემელი, ქართული კულტურისა და ისტორიის მცოდნე, კავშირი გვაქვს კულტურის მოღვაწეებთან, პოლიტიკურ მოაზროვნეებთან, ერთმანეთს ვხვდებით კონფერენციებზე, ვუზიარებთ ერთმანეთს მძიმე საკითხებს და ამ მხრივ თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მეორე მხრივ არის ასეთი პრობლემა - ევროპა და ევროკავშირი. მაქვს შეკითხვები - ხომ არ სცილდება ევროპა ევროპას?! აგრესიული ჯგუფები, ძალიან რადიკალური ჯგუფები ევროპულ ღირებულებებად გვახვევენ იმას, რაც სრულებითაც არ არის ჩემთვის ევროპული ღირებულება.
ევროპული ღირებულება ის არის, რომ ევროპაში არიან ერები, რომლებიც ცხოვრობენ სამართლებრივად, ეს არის ერების გაერთიანება. ევროკავშირს აქვს მომავალი და პერსპექტივა და ის, აუცილებლად სამართლებრივი გზით უნდა წამოვიდეს“, - აღნიშნა პაატა ჩხეიძემ.