პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნლებთან შეხვედრაზე მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბიზნესმენებს თითოეული მიმართულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, პირველი მიმართულება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ამის ფარგლებში, უკვე განხორციელდა გარკვეული ცვლილებები, მათ შორის ის, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი გაუქმდება და მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრება. მისივე თქმით, რეფორმები გატარდა საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით. პრემიერის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს დამატებით ცვლილებებზე.
„ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებებზე, როგორიცაა კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირება და ასევე ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასაწარი პატიმრობის ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია ესწრებიან.