საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს მთავრობის 4-პუნქტიანი პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამას შეუძლია მოიტანოს მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკაში.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა 4-პუნქტიანი პროგრამის შესახებ და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიმართულება ეს არის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნულის ფარგლებში 2017 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება მოგების გადასახადი და მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრება. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა დამატებით ცვლილებებზე.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მოხდა სტარტაპის ბიზნესის დაფინანსება და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყანაში დაინერგოს დაგროვებითი საპენსიო სისტემა.
მისივე თქმით, 2017 წელს დაიწყება კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა.
რაც შეეხება რეფორმების მეორე ბლოკს, კვირიკაშვილის თქმით, ეს მოიცავს განათლების ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც ფოკუსირებულია განსკუთრებით უმაღლესი განათლების რეფორმაზე და ასევე ამის ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით მოხდება ე.წ. დუალური განათლების სისტემის დანერგვა.
რაც შეეხება რეფორმების მესამე ბლოკს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის მმართველობითი სისტემის ძირეული რეფორმა, როცა სახელმწიფო სერვისებზე ორიენტირებული ხდება და მოხდება ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნა, რომელიც ბიზნესმენებს „ერთი ფანჯრის პრინციპით" მოემსახურება.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულის პრეზენტაცია უახლოეს ხანში გაიმართება.
რაც შეეხება 4-პუნქტიანი პროგრამის მეოთხე მიმართულებას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს არის სივრცითი განვითარება. გიორგი კვირიკაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც დაგეგმილია სწორედ სივრცითი განვითარების მიმართულების ფარგლებში.
შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და მცირე და საშუალო ბიზნესის 100 წარმომადგენელი ესწრება.