logo_geo
eng_logo
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელსაც ქრთამის სახით 400 000 დოლარის აღებაში ადანაშაულებენ, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
- +

17 თებერვალი. 2023. 23:25

 

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ვასილი ლოზინსკის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს სააპელაციო პალატამ ლოზინსკისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - შინაპატიმრობა შეცვალა, რის შემდეგაც მინისტრის ყოფილი მოადგილე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

ლოზინსკის ასევე ექნება შესაძლებლობა 50 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.

ამგვარად, სააპელაციო პალატამ სრულად დააკმაყოფილა სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის შუამდგომლობა. სხდომას პროკურატურის წარმომადგენლები, თავად ლოზინსკი და მისი ადვოკატები ესწრებოდნენ.

ვასილი ლოზინსკი კორუფციის ბრალდებით 21 იანვარს დააკავეს. 22 იანვარს პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ლოზინსკი მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გამოძიების მტკიცებით, ვასილი ლოზინსკიმ ქრთამის სახით 400 000 დოლარი აიღო, რის სანაცვლოდაც ხელი შეუწყო აღჭურვილობისა და გენერატორების გაზრდილი ფასებით შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner