logo_geo
eng_logo
ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი პატიმრობაში დატოვა
- +

18 თებერვალი. 2023. 00:00

 

ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ევა კაილი პატიმრობაში, სულ მცირე, 2 თვით დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

მისი ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ევროპარლამენტარი გაეთავისუფლებინათ და მისი გადაადგილება ელექტრონული სამაჯურით გაკონტროლებულიყო.

გარდა ამისა, იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, რობერტა მეცოლას, რომ ევა კაილის ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან - კამერაში ცივა, ხოლო მას კი არ აძლევენ მეორე საბანს და მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლებას.

საუბარი არ არის სასამართლო გამოძიებაზე, რომელსაც ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს. საუბარია პატიმრობის პირობებზე, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ კანონის უზენაესობასთან. ამიტომ ვთხოვთ პრეზიდენტ მეცოლას მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა კაილის ადვოკატის ბრალდებები სიმართლეს. ჩვენი დემოკრატიის ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ვმართავთ ასეთ სიტუაციას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა, მასიმილიანო სმერილიმ.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner