logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: შეუძლებელია ეროვნულ მოძრაობაზე საუბარი მაშინდელი ისტორიული მოვლენების გახსენება ამ ოთხი გამორჩეულად ღირსეული და კოლორიტი ადამიანების გარეშე!
- +

18 თებერვალი. 2023. 10:19

 

 

„შეუძლებელია ეროვნულ მოძრაობაზე საუბარი მაშინდელი ისტორიული მოვლენების გახსენება ამ ოთხი გამორჩეულად ღირსეული და კოლორიტი ადამიანების გარეშე!

 

მე არ მახსენდება ხალხმრავალი მიტინგებიდან რომელიმე დღე,სადაც  უზენაესი საბჭოს დეპუტატი ავთანდილ რცხილაძე არ ყოფილიყო უცვლელი წამყვანი.(ბ-ნ ავთოს ზოგჯერ ცვლიდა ვახტანგ ჭითავა). ძალიან გამიჭირდება ყველა მიტინგის გახსენება,რომელიც ავთანდილ რცხილაძეს მიჰყავდა. იმ შემზარავ დღეს სანამ 22 დეკემბერს ტყვია არ გავარდა და ომი არ დაიწყო,მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა ავთოს ხმა, დევნილობიდან პრეზიდენტი ზუგდიდში რომ ჩამოვიდა ავთო იქ დახვდა და საზეიმო მიტინგი მან გახსნა ზუგდიდში,მანვე წაიყვანა სამგლოვიარო მიტინგი გროზნოში პრეზიდენტის დაკრძალვის დღეს. ბ-ნ ავთოს დიდ პატივს სცემდა ჯოხარ დუდაევი. პირველი პრეზიდენტის ერთგულება მას არ აპატიეს და არა ერთ გზის იყო დაპატიმრებული და საშინლად ნაწამები. განახევრებული კაცი გამოვიდა ციხიდან. ფოტოზე მყოფი ამ ოთხეულიდან ყველაზე ახლოს ვიყავი ბ-ნ ავთოსთან, საათობით ვსაუბრობდით, მან იცოდა თუ რა რწმენით ვიდექი ეროვნულ მოძრაობაში და თუ რამეს ვეტყოდი სჯეროდა და გადამოწმება არ სჭირდებოდა.მისი ავტორობით გამოცემული წიგნიც,რომელიც მაჩუქა,ძალიან გულთბილი ავტოგრაფით ჩემთვის ძვირფასი საჩუქარია! ეროვნული მოძრაობის ამაღელვებელ და ბედნიერ დღეებში, საოცარი ემოციით იცოდა სიხარულის გამოხატვა, სულ მეგონა რომ ყველაზე ბედნიერი ის იყო!

 

ეროვნული მოძრაობის გულმხურვალე წევრი იყო,უზენაესი საბჭოს დეპუტატი თემურ ქორიძე. პუტჩისტების მხრიდან შერქმეული „გებელსი“ და „პეტრო-ტალის იდეოლოგი“ ბრწყინვალე ორატორი და უგანათლებულესი ადამიანი. მის მიმართ დიდი რიდი მქონდა, ერთხელ მთავრობის სასახლის ლიფტში ჩემთან ერთად შემოვიდა დაცვის ბიჭებთან ერთად და ისე მომერიდა სად წავსულიყავი არ ვიცოდი,მაგრამ როცა დამელაპარაკა, კომფორტულად ვიგძენი თავი რადგან ძალიან უშუალო და გულთბილი იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეფონზე დამირეკა და საკმაო დროით ვისაუბრეთ, გაშვებაც არ მინდოდა,ისეთი ლიტერატურული მეტყველება ჰქონდა და თან მოსიარულე ენციკლოპედია იყო.

 

ეროვნული ხელისუფლების კულტურის მინისტრი და მწერალი ნოდარ წულეისკირი ასევე ღირსეული კოლორიტი იყო. მისი შემოქმედება ძალიან საინტერესო და ნიჭიერი კალმით დაწერილია. ერთ დღეს ბ-ნ ნოდარის მისამართით სიგუამ წამოიძახა „გადაეცით რომ ზვიადის მონაა“ მწერალი კაცი ბოლომდე დადგა დამოუკიდებლობის სადარაჯოზე და როცა მთავრობის სასახლეს ქვემეხი დაუშინეს ფეხი არ მოუცვლია შენობიდან. ჰაუბიცების ყრუ გრიალში შეშფოთებულ ნოდარ წულეისკირს დერეფანში შეეფეთა ასევე მწერალი და უზენაესი საბჭოს დეპუტატი ირინე ტალიაშვილი და უთხრა: ირინე, ყველაფერი დაწერე რაც პარლამენტის შენობაში ხდება,თუ ცოცხლები დავრჩით საქართველოს ისტორიას ჩვენი ჩანაწერები დასჭირდებაო!“ შემზარავი მოვლენების შემდეგ ნოდარ წულეისკირი თბილისს გაერიდა სოფელში დასახლდა და ამით გამოუცხადა პროტესტი ნომენკლატურას, ასე შეურიგებელი წავიდა ამ ქვეყნიდან!

 

უზენაესი საბჭოს დეპუტატი და პოეტი ამირან კალაძე ასევე უკეთილშობილესი ადამიანი იყო, როცა ახლოს მიხვიდოდი და დაელაპარაკებოდი მისგან პოზიტივის მეტი ვერაფერს იგრძნობდი. პრინციპული იყო მისი მხარდაჭერაც და ერთგულება ეროვნული იდეალებისადმი,რის გამოც სამტრედიაში,თავისივე სახლში ბ-ნი ამირანი უსაშინლესად აწამეს,მისმა პოეტურმა გულმა ვერ გაუძლო და მალევე აღესრულა...ასე ეწირებოდნენ მუდამ სამშობლოსათვის ღირსეული მამულიშვილები!

 

ოთხივე მათგანი დიდი დანაკლისია უპირველესად საქართველოსთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის. მადლობა მათ პირადად ჩემგან, ჩვენი თანამებრძოლებისგან!

 

ირაკლი შონია

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner