logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ქართული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ამერიკულიდან პირდაპირ თარგმანს არ წარმოადგენს, იგი დასავლეთისა და ისრაელის კანონმდებლობის ნაზავია და ქართულ რეალობას არის მორგებული
- +

19 თებერვალი. 2023. 22:45

 

 

„დაიღლები ადამიანი მერამდენედ იმის ახსნით, რომ ქართული კანონპროექტი არანაირ ამერიკულიდან თარგმანს არ წარმოადგენს! FARA-ს ხსენება ძირითადად გაჟღერდა მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ რიგი სახელმწიფოების მიერ (ისრაელი, უნგრეთი, ავსტრალია) ბოლო წლებში მიღებული მსგავსი შინაარსის კანონების „პიონერი“ და ფლაგმანი სწორედ ამერიკაში 1938 წელს მიღებული FARA იყო! რა თქმა უნდა FARA-ც იქნა წაკითხული, მაგრამ პირადად მე 2016 წელს ისრაელის ქნესეტის მიერ „არაკომერციული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი უფრო მომწონს, რაც ასევე იქნა გაზიარებული „ხალხის ძალის“ მიერ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

 

მისი თქმით, არც ისრაელის კანონმდებლობა იქნა კალკირებული და სარკისებრად გამოყენებული ქართული კანონპროექტის შედგენისას.

 

„ე.ი. ვინც კი გადმოსაღები იყო პოლიტიკური ნაფთალინით გაძეძგილი კარადიდან, ყველა გადმოიღეს. განსაკუთრებით ის „ენჯეოშნიკი-ენჯეოშნიცები“, ვინც უკვე დიდი ხანია დამსახურებულ პენსიაზე მეგონა გასული. აშკარად „ოკეანს მიღმა“ განლაგებული ორგანიზაციებიდან მიწოდებულ ტექსტებს გვიფრიალებენ დღეს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ შეესაბამება ამერიკულ ფედერალურ კანონ FARA-ს, რომ ის არასწორად იქნა ნათარგმნი, არასწორად იყო ინტერპრეტირებული და არასწორად იქნა გაგებული მისი არსი. ამ დროს დაიღლები ადამიანი მერამდენედ იმის ახსნით, რომ ქართული კანონპროექტი არანაირ ამერიკულ თარგმანს არ წარმოადგენს! FARA-ს ხსენება ძირითადად გაჟღერდა მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ რიგი სახელმწიფოების მიერ (ისრაელი, უნგრეთი, ავსტრალია) ბოლო წლებში მიღებული მსგავსი შინაარსის კანონების „პიონერი“ და ფლაგმანი სწორედ ამერიკაში 1938 წელს მიღებული FARA იყო! რა თქმა უნდა FARA-ც იქნა წაკითხული, მაგრამ პირადად მე 2016 წელს ისრაელის ქნესეტის მიერ „არაკომერციული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი უფრო მომწონს, რაც ასევე იქნა გაზიარებული „ხალხის ძალის“ მიერ, მაგრამ ამაზე ქართველი „ენჯეოშნიკები“ ხმას არ იღებენ. საინტერესოა - რატომ?.

 

ისრაელის აღნიშნული კანონის თანახმად - ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსურ შემოწირულებებს იღებენ უცხო ქვეყნებიდან, ვალდებულნი არიან ამის შესახებ საჯარო ანგარიში ჩააბარონ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე. ჯერ კიდევ კანონპროექტის სტადიაზე, მან მწვავე დებატები გამოიწვია განხილვის ეტაპზეც კი. საბოლოოდ მას მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომლის აზრით, ახალი წესები ხელს შეუშლის უცხო სახელმწიფოების მიერ ისრაელის საშინაო საქმეებში ჩარევას. „კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გაზრდის გამჭვირვალობას, ხელს შეუწყობს დისკუსიის დაწყებას, რომელიც ასახავს ისრაელის საზოგადოებრივ აზრს და ხელს შეუწყობს დემოკრატიის განმტკიცებას“, - დაწერა მაშინ ნეთანიაჰუმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. კანონის მიღებას მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 48 იყო.

 

ისევე, როგორც ამჟამად საქართველოში, ახალი კანონი მაშინ მწვავედ გააკრიტიკეს როგორც ისრაელის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე არაერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს. თუმცა ქნესეტის უმრავლესობამ ტრიბუნიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ კანონის მიღება ამიერიდან საზოგადოებას საშუალებას მისცემს გაარკვიოს ვინ დგას ისრაელის პოლიტიკაში დასავლეთის სახელმწიფოების კონკრეტული ინტერესების ამა თუ იმ ლობირების უკან. „ისრაელი არანაირად არ ჩარეულა იგივე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმის პროცესში, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობაც ჩვენს პოლიტიკაში არ ჩაერევა“, - განაცხადა მაშინ ისრაელის იუსტიციის მინისტრმა შეკედმა.

 

ისრაელის კანონის თანახმად, ყოველი ორგანიზაცია, რომელიც იღებს დაფინანსებას უცხო ქვეყნებიდან შემოწირულებების ნახევარზე მეტი ოდენობით, ვალდებულია განაცხადოს ამის შესახებ, სადაც არ უნდა იყოს გამოვლენილი ეს საქმიანობა: სარეკლამო პოსტერებზე, სატელევიზიო სარეკლამო რგოლებში, ბეჭდურ მედიასა თუ ინტერნეტ-საიტებზე. კანონი ასევე მოითხოვს, რომ ასეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აცნობონ უცხოური დაფინანსების შესახებ ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებასა და პარლამენტს. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უფლება დააჯარიმოს ორგანიზაცია (მაქსიმალური ჯარიმა არის 29000 შეკელი ანუ 7500 დოლარი). მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცალსახად არ არის და ვერც იქნებოდა ნახსენები კონკრეტული მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციები, იუსტიციის მინისტრმა შაკედმა გააკეთა მნიშვნელოვანი მინიშნება, რომ საუბარი მიდის იმ რადიკალურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა ბიუჯეტი ასობით მილიონ დოლარს აჭარბებს და ძირითადად მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების და ხელისუფლების დისკრედიტაციასა და დასუსტებაზე, ასევე ისრაელის არმიის შესახებ ცილისმწამებლურ კამპანიაზე. „დროა საზოგადოებას ვაცნობოთ ამის შესახებ“, - განაცხადა მაშინ მინისტრმა ქნესეტის ტრიბუნიდან.

 

მიუხედავად იმისა, რომ აქ არის მოყვანილი ისრაელის „არაკომერციული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შემოღების ძალზე შემოკლებული ისტორია და მისი შინაარსობრივი კონტექსტი - რომელიც ასევე იყო შესწავლილი „ხალხის ძალის“ მიერ, მაგრამ არც ის იქნა კალკირებული და სარკისებრად გამოყენებული ქართული კანონპროექტის შედგენისას - დიდი ალბათობით, მის არასწორად თარგმანსა და გააზრებას ასევე დაგვაბრალებენ აგენტოკრატების ადგილობრივი ლაქიები და მათი საერთაშორისო ლობისტები. საინტერესო იქნება მათი მოსაზრების მოსმენა ისრაელზე - როგორც ქვეყანაზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში არა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების და თავისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარეობს თავის საკანონმდებლო საქმიანობაში, არამედ ადგილობრივი მემარცხენე ძალების დაკრულზე უნდა „ცეკვავდეს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner