საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში რამდენიმე ახალი ავტობანის და გზის მშენებლობა იგეგმება.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანის აშენება.
პრემიერის განცხადებით, 4 წლის განმავლობაში იგეგმება დასრულდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალიც - სარფიდან დაწყებული, წითელ ხიდამდე და სადახლომდე.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება ავტობანის აშენება მცხეთიდან ვლადიკავკაზამდე.
„რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ გავაფართოოთ არსებული გზა. ინჟინრები მუშაობენ დღეს ალტერნატიულ გადაწყვეტაზეც, რომ აშენდეს ფასიანი გზა, რომელიც იქნება გვირაბებით დამაკავშირებელი. ამის შედეგად, აღარ იქნება საჭირო გუდაურის გადავლა იმისთვის, რომ ჩახვიდეთ სტეფანწმინდაში და მეორე, გვინდა, რომ ეს გზა მთლიანდ ავაცილოთ დევდორაკის მონაკვეთს, სადაც ყოველწლიურად პრობლემაა, როდესაც იქ ყინული დნება", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ასევე გეგმავენ, ააშენონ ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, მულახისკენ მიმავალი გზა გვირაბების მეშვეობით.
„უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლით გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშუგულის გავლით, რაც ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება ზაფხულის პერიოდისთვის. ეს გააცოცხლებს მთელ ამ გზაზე მდებარე სოფლებს, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის, ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება.
ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ, აბასთუმნისკენ მიმავალი გზა 4 წელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.