საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე აცილების თხოვნით მიმართა.
„თავს ვალდებულედ ვთვლი, გამოვეხმაურო 27 აგვისტოს, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში" გასულ სიუჟეტს ჩემს მიმართ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის იყო და იქნება გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დამცველი, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოების გამოყენება ცალკეულ მოსამართლეებზე ან სასამართლოზე დაუსაბუთებელი დისკრედიტაციის მიზნით დაუშვებელი და მიუღებელია, ისევე, როგორც ეს ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. მოსარჩელე მხარის მიერ ფაქტებით მანიპულირება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაუსაბუთებელი ბრალდებები და ცილისწამება თანაბრად დაუშვებელია და ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას", - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.