სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სანდრა რულოვსის ქონებაზე საუბრობს. მისი თქმით, სააკაშვილმა სანდრასთვის და მისი მშობლებისთვის ვილა ისეთ ტერიტორიაზე ააშენა, სადაც არათუ ცხოვრება, სიარულიც კი აკრძალულია.
„სანდრას მშობლები წარმოშობით ჩეხეთიდან არიან, ნიდერლანდებში საკმაოდ უბრალოდ და ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. იქ გაყიდეს ბინა და აქ უყიდეს? სააკაშვილმა სანდრასთვის და მისი მშობლებისთვის ვილა ისეთ ტერიტორიაზე ააშენა, სადაც არათუ ცხოვრება, სიარულიც კი აკრძალულია. ეს არის ადგილი ჭოპორტის სიახლოვეს, იქ განთავსებულია ის რეზერვუარები, საიდანაც იფილტრება სასმელი წყალი საქართველოს დედაქალაქისთვის. ეს არის სამხედრო დანიშნულების ობიექტი და მსგავსი ობიექტები მთელ მსოფლიოში დაცულია. ეს ვილა ჯერ კიდევ 2007 წელს 7 ნოემბრის დარბევამდე ტელეკომპანია „იმედმა" აჩვენა და სანდრა რულოვსმა არაფერი იცოდა? მაგრამ ხმა არ ამოუღია, რადგან ძალიან ამბიციურია და ეს ვილა იყო მორიგი სკანდალის შემდეგ მეუღლესთან მისი შერიგების საფასური.
თუმცა სააკაშვილმა გადადგომის შემდეგ ვილა დაანგრია და „რუსთავი-2"-მა ნგრევის შემდგომ დარჩენილი სამშენებლო ნაგავი აჩვენა. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ფული დაიხარჯა ჯერ იმ ვილის აშენებაში, მერე - დანგრევაში. ეს ყველაფერი უკანონობა იყო. მივყვეთ ფაქტებს - საჯარო რეესტრის 2012 წლის თებერვლის ამონაწერის მიხედვით, რადიო „მუზა" საკუთრებაში ჰქონდათ სანდრას, დედამისს და სააკაშვილის დედას. ამ რადიოს ბიძინა ივანიშვილისგან სპონსორული თანხის სახით მიღებული ჰქონდა მილიონზე მეტი ლარი, მაგრამ ეს ფაქტები დეკლარაციაში არ ასახულა. სანდრამ ამის შესახებ ხმამაღლა რატომ არ განაცხადა? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საკმარისი იქნებოდა სააკაშვილისთვის იმპიჩმენტის მოსაწყობად. ევროპელი სანდრა სწრაფად დახარბდა ფულსაც და ქონებასაც", - აცხადებს პეტრე მამრაძე.