2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებთან ერთად, დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატებიც იბრძოლებენ.
ამ დროის მონაცემებით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატთა საერთო რაოდენობა 79-ია, თუმცა საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატების წარდგენის ვადა 8 სექტემბრის ჩათვლით აქვთ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენის უფლება მხოლოდ საინიციატივო ჯგუფს აქვს, აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება საარჩევნო კოდექსში 2016 წლის 12 ივილიდან ამოქმედდა.
კერძოდ, დამოუკიდებელი კანდიდატის წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი. ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.
ამავე კოდექსის თანახმად, დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან ფინანსდება.
ცესკო-ს მონაცემებით, ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 84 საინიციატივო ჯგუფი. მათ კანდიდატების წარდგენის ვადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საინიციატივო ჯგუფებს 8 სექტემბრის ჩათვლით აქვთ.
რაც შეეხება დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ, ამ დროისთვის მათი საერთო ჯამი 59-ია.
ცესკო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის თბილისში 18 საინიციატივო ჯგუფის მიერ 18 კანდიდატია წარდგენილი.
კერძოდ, მთაწმინდაზე - სალომე ზურაბიშვილი და ლევან ჯოხაძე; ვაკეში - ზურაბ შარია, ჰამლეტ გეგია და მირიან მირიანაშვილი; საბურთალოზე კობა-კობახიძე, თამაზ კერძევაძე და ვიქტორ მეძმარიაშვილი; კრწანისში - მანანა აფხაძე და თამარ ბოყოველი; ისანში - დავით ჟრენტი და ირაკლი პეტრიაშვილი; სამგორში - ირაკლი შიხიაშვილი; დიდუბეში - გიორგი რურუა, ზურაბ ჩიქოვანი და დავით ფერაძე; ნაძალადევის ოლქებში თამარ იარაჯული და გიორგი აფციაური.
რაც შეეხება რეგიონებს, ჯერჯერობით დარეგისტრირებულ კანდიდატთა რაოდენობა 42-ია.