„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბატონი ჩხატარაშვილი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაითხოვა დაკავებული პოზიციიდან, არ შეესაბამება სიმართლეს“, - ამის შესახებ განცხადებას „სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების“ გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი ავრცელებს.
„მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელის ხ. ჩხატარაშვილის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ.
სინამდვილეში, ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების“ შიდასტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, სპორტულ სექციებში განხორციელებული ცვლილებებისა და შტატების შემცირების გამო, 2023 წლის 1 თებერვლიდან ხ. ჩხატარაშვილი გათავისუფლდა მწვრთნელის პოზიციიდან.
„გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბატონი ჩხატარაშვილი ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დაითხოვა დაკავებული პოზიციიდან, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მის გათავისუფლებას ხელს ვაწერ მე, კობა ბალავინოვი, როგორც „სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების“ გენერალური დირექტორი და არა ოზურგეთის მერი.
რაც შეეხება ბრძანებას, აქ დაშვებული იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც სამართლებრივად დაუყოვნებლივ იქნა გასწორებული და მწვრთნელი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლისა და ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების“ დამტკიცებული წესდების შესაბამისად. ვასაჯაროვებთ ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.