ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სულ 45 პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირა.
civil.ge-ს ინფორმაციით, მათგან თითქმის ნახევარმა ცესკო-ს შვიდი საარჩევნო ბლოკის ფორმირებისთვის მიმართა.
საარჩევნო ბლოკი რამდენიმე პოლიტიკური პარტიის გაერთიანებაა, რომლებიც არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობენ.
პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისთვის მიმართვის ბოლო ვადა 26 აგვისტოს ამოიწურა.
ქვემოთ მოცემულია იმ შვიდი საარჩევნო ბლოკის სია, რომელთა რეგისტრაციაში გატარებაზე გადაწყვეტილება ცესკო-მ უნდა მიიღოს არა უგვიანეს 28 აგვისტოსი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ) - საარჩევნო ბლოკი, რომელიც უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩამოაყალიბა და რომელიც პარტია „ენმ"-ის გარდა ასევე აერთიანებს ნაკლებად ცნობილ პარტიას - „ევროპული საქართველო"; იქიდან გამომდინარე, თუ რა შედეგებით დასრულდება არჩევნები, ბლოკის სახით მონაწილეობამ მასში შემავალ უფრო მსხვილ პარტიას შესაძლოა გარკვეული პრივილეგიები მიანიჭოს, როგორიცაა მაგალითად დამატებითი ადგილი ცესკო-ში; „ენმ"-მა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებშიც ბლოკის სახით მიიღო მონაწილეობა;
„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" - საარჩევნო ბლოკს პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" უძღვება და მის შემადგენლობაში ასევე შედის კიდევ სამი პარტია: „ახალი საქართველო", რომელსაც დეპუტატი გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ) 2016 წლის მაისში დატოვა; „ახალი მემარჯვენეები", რომელსაც ყოფილი დეპუტატი მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი", რომელიც დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ შარშან დააფუძნა, მას შემდეგ, რაც ენმ დატოვა (ფორმალურად „გირჩი"არ შედის იმ პარტიების სიაში, რომელთაც ბლოკად რეგისტრაციისთვის ცესკო-ს მიმართეს, თუმცა ბლოკის წარმომადგენელთა განცხადებით, „გირჩი" რჩება კოალიციაში და მისი წარმომადგენლები ბლოკის საარჩევნო სიაშიც იქნებიან);
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" - საარჩევნო ბლოკი, რომელიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ" შექმნა ნაკლებად ცნობილ პარტიასთან - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო";
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" - ექვსი პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსთან" ერთად ასევე აერთიანებს „თავისუფალ საქართველოს"; „ტრადიციონალისტებს"; „თავისუფლებას"; „ახალ ქრისტიან-დემოკრატებს" და „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობას";
„მრეწველები - ჩვენი სამშობლო" - საარჩევნო ბლოკი, რომელიც დეპუტატ გოგი თოფაძის „მრეწველთა პარტიამ" და ზვიად ჩიტიშვილის „ჩვენმა სამშობლომ" ჩამოაყალიბეს; ჩიტიშვილი ბიზნესსაქმიანობას რუსეთში ახორციელებს და მას ორმაგი, რუსეთ-საქართველოს მოქალაქეობა აქვს; „ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა მსურველთათვის ორმაგი, რუსეთ-საქართველოს მოქალაქეობის უზრუნველყოფა;
„სოციალისტური საქართველო" - ორი პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკი, რომელიც ვალერი კვარაცხელიას პარტია „ნეიტრალურ საქართველოს" და ერთიან კომუნისტურ პარტიას აერთიანებს;
„ჩვენები-სახალხო პარტია" - საარჩევნო ბლოკი, რომელიც პარტიებმა „ჩვენები" და „სახალხო პარტიამ" შექმნეს;
ქვემოთ მოცემულია 25 პოლიტიკური პარტიის სია, რომლებიც არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს, სხვა პარტიებთან კოალიციაში გაერთიანების გარეშე.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო";
„თავისუფალი დემოკრატები";
ლეიბორისტული პარტია;
რესპუბლიკური პარტია;
„ეროვნული ფორუმი";
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
„ერთიანი საქართველოსთვის" - რომლიც დააფუძნა პარტია „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა;
„სახალხო ხელისუფლება" - პარტიის ერთ-ერთი ლიდერია ლევან მამალაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი იყო;
„საქართველოს მშვიდობისთვის" - ლიდერი დავით თევზაძე, რომელიც 1998 წლიდან 2004 წლის დასაწყისამდე თავდაცვის მინისტრი იყო;
„ზვიადის გზა - უფლის სახელით";
„საქართველო";
საქართველოს ევროპელი დემოკრატები;
საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია;
საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია;
საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები;
მშრომელთა სოციალისტური პარტია;
მერაბ კოსტავას საზოგადოება;
„ქართული იდეა";
„მემარცხენე ალიანსი";
„ჩვენი საქართველო";
„მომავალი საქართველო";
„ქართული დასი";
„ქრისტიან-კონსერვატორები";
პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა;
ქალთა პარტია.
ცესკო-მ 18 პარტიას უარი უთხრა რეგისტრაციაზე - სამის გარდა, ყველა მათგანს იმ მიზეზით, რომ მათ არ წარადგინეს მხარდამჭერთა ხელმოწერები. ცესკო-მ რეგისტრაციიდან მოხსნა პარტია „ცენტრისტები".
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ.
73 დეპუტატი ირჩევა 73 მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქებში. თუ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა ნახევარზე მეტი ვერ დააგროვა, მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური უნდა გაიმართოს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.