ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ეკონომიკისთვის ანაკლიის პორტს აქვს დაახლოებით იგივე მნიშვნელობა, როგორც BP-ის მილსადენს ან TRACECA-ს დერეფანს ჰქონდა.
მისივე თქმით, ეს არის სიგნალი გლობალური ინვესტორებისთვის.
„ანაკლიის პორტს აქვს დაახლოებით იგივე დატვირთვა, თუ მეტი არა, როგორც BP-ის მილსადენს ჰქონდა, როგორც TRACECA-ს დერეფანს ჰქონდა. ეს არის სიგნალი არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური შეთავაზება, გლობალური ინვესტორებისთვის“, - აცხადებს ცუცქირიძე.
ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადდა. რამდენიმე თვეში სახელმწიფო საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, განახლდება გარკვეული კვლევებიც. კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, კერძო პარტნიორს კი 49% ერგება.