logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: აშშ და ევროპის ქვეყნები არ ცდილობენ რუსეთზე კონტროლის დამყარებას ან მის განადგურებას
- +

22 თებერვალი. 2023. 00:14

აშშ და ევროპის ქვეყნები არ ცდილობენ რუსეთზე კონტროლის დამყარებას ან მის განადგურებას, - ამის შესახებ პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, დასავლეთი არ გეგმავდა რუსეთზე თავდასხმას, როგორც ეს დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

„მინდა მივმართო რუს ხალხს. აშშ და ევროპის ქვეყნები არ ცდილობენ რუსეთზე კონტროლის დამყარებას ან მის განადგურებას. დასავლეთი არ გეგმავდა რუსეთზე თავდასხმას, როგორც ეს დღეს პუტინმა განაცხადა. რუსეთის მილიონობით მოქალაქე, ვისაც მეზობლების გვერდით მშვიდობიანი ცხოვრება სურთ, არ არიან მტრები. ეს ომი არასოდეს წარმოადგენდა აუცილებლობას. ეს არის ტრაგედია. ამ ომის სასარგებლოდ არჩევანი ვლადიმირ პუტინმა გააკეთა“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო გამოცდა მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის.

„როდესაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ეს არ იყო გამოცდა მხოლოდ უკრაინისთვის. მთელი მსოფლიო დადგა ისეთი გამოცდის წინაშე, როგორიც საუკუნეებია არ ყოფილა. ეს იყო გამოცდა ევროპისთვის, ამერიკისთვის, ნატოსთვის, ყველა დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner