ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი განაგრძობს ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში, სადაც სამუშაო შეხვედრა გამართა UNDP-ის სტამბოლის რეგიონულ მენეჯერთან, თინა სტოუმთან.
შეხვედრაზე UNDP-თან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მადლობა გადაგიხადოთ იმ პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ბათუმისთვის ერთობლივად ვახორციელებთ. UNDP განსაკუთრებულ როლს ასრულებს და ხელს უწყობს ბათუმს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. რამდენიმე დღის წინ ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ, რომლის მიზანია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება და არსებული გამოწვევების დაძლევა. გარდა ამისა, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში, რომლის განხორციელებაშიც პარტნიორობას UNDP გვიწევს, მოპოვებული 225 000 ევროს ოდენობის გრანტისა და ჩვენი ერთობლივი მემორანდუმის საფუძველზე, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და თანამშრომლობის მიზნით, უკვე გამოვყავით შესაბამისი სივრცე, რომელიც ერთგვარი ჰაბი იქნება იმ სტარტაპერებისთვის, რომლებსაც საინტერესო იდეები და ინიციატივები გააჩნიათ ბათუმთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქ ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებულ გეგმაზე იმსჯელეს, რომელიც მწვანე ქალაქების პროექტის ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით შემუშავდა და დამტკიცდა.
არჩილ ჩიქოვანმა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ UNDP-ის მხარდაჭერით, პოლონეთის გამოწვევების ფონდის (Polish Challenge Fund) დაფინანსებით, ბათუმში ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდა. მისივე თქმით, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა ქალაქს საცობების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. შეხვედრის ბოლოს, არჩილ ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა UNDP-თან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.