logo_geo
eng_logo
„სახელმწიფოს გაზრდილი ეკონომიკური შესაძლებლობები კონვერტირდება ბევრი ისეთი მიმართულებით, რომლებზედაც ადრე ფიქრიც კი გვიჭირდა“ - ექსპერტი ირაკლი ღარიბაშვილის ორწლიან საქმიანობას აფასებს
- +

22 თებერვალი. 2023. 11:10

 

 

22 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნიდან ორი წელი სრულდება. PIA.GE მისი საქმიანობის შესაფასებლად ექსპერტ იოსებ არჩვაძეს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროექტები, ისევე როგორც ქვეყნის მიღწევები, რომლებსაც მისი პრემიერობისას ჰქონდა ადგილი, ცხადყოფს, რომ საქართველო განვითარების სწორ გზას ადგას და ეს უკვე აისახება მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.

 

იოსებ არჩვაძის თქმით, ორი წლის განმავლობაში ზედიზედ დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის შემცირება და ლარის კურსის გამყარება ერთ-ერთი მთავარი წინსვლაა, რომელსაც ქვეყანამ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას მიაღწია.

 

„როდესაც საუბარია ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, თანაც, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ეს ორმაგად მისასალმებელია. ჩვენ არ ვყოფილვართ ისეთი განებივრებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომ გვქონოდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მეოთხედი საუკუნის შემდეგ პირველად მოხდა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა.

 

რაც შეეხება ლარის კურსს, როდესაც ღარიბაშვილი ხელმეორედ მოვიდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მაშინ ლარის კურსი იყო 3.30-ზე მეტი და ახლა, 2 და 65-ზეა ჩამოსული. სადღაც 20-21%-ის ფარგლებშია გამყარებული ლარი და ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

 

ხოლო უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლას აქვს საკმაოდ საინტერესო ასპექტი - ჩვენ გვეზრდება არა მარტო დაქირავებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა რაოდენობა, არამედ ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობაც. ერთი მხრივ, მოსახლეობის აბსოლუტური რიცხოვნობა მიგრაციის და ბევრი სხვა ფაქტორის გამო შემცირდა, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი გვეზრდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. ამის ძირითადი მიზეზი კი არის ის, რომ არსებობს დასაქმების სპეციალური პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია დაბალი შემოსავლების მქონე პირებზე. ეს ადამიანებში ზრდის იმედს და მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სამუშაოს შოვნა. მხოლოდ ბოლო ორი წლის მონაცემებით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დაქირავებით დასაქმებულია, ხელფასის ფონდი გაეზარდა დაახლოებით 400 მილიონი ლარით. საქმე იმაშია, რომ ხელფასების ზრდის ტემპი უკვე დამაჯერებლად უსწრებს ინფლაციის ტემპს, ანუ, მოსახლეობის რეალური შემოსავლები იზრდება“, - აცხადებს იოსებ არჩვაძე.

 

ექსპერტის თქმით, შედეგად, მოსახლეობა უკვე თავის თავზე გრძნობს მდგომარეობის გაუმჯობესებას გაზრდილი ხელფასების, პენსიების და და სოციალური დახმარებების სახით.

 

„ძალიან დიდი ინტერესით ველოდები თურქეთის სტატისტიკას, რომ შევადაროთ. ვფიქრობ, ჩვენ უკვე ძალიან მივუახლოვდით  და შეიძლება, გადავასწარით კიდეც თურქეთში საშუალო ხელფასის დონეს. მხედველობაში მაქვს ინფლაციის მაღალი ტემპი და დევალვაცია თურქეთში და პირიქით, რევალვაციის პროცესი და ხელფასების სწრაფი ზრდა საქართველოში. ფაქტობრივად, ის ტენდენცია, რაც მეოთხედი საუკუნის და მეტის განმავლობაში მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო საქართველოდან თურქეთში შრომითი მიგრაციის - ის, რომ მაღალი ხელფასები იყო, ეს ფაქტორი უკვე მოხსნილია.

 

იზრდება პენსიების მსყიდველობითი უნარიანობაც და ამ კონტექსტში არ შემიძლია არ ვახსენო ის პოლიტიკა, რომელიც გატარებულია მედიკამენტების ფასების ფორმირებასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ თურქეთის ბაზრის გახსნას და რეფერენტული ფასების დაწესებას, და იმის გათვალისწინებით, რომ მედიკამენტებზე წვდომა და მოთხოვნა ასაკოვან ხალხში გაცილებით მაღალია, ვიდრე ახალგზარდებში, ეს რეფორმა და სოციალური აქცია ყველაზე მეტად სწორედ პენსიონერებს წაადგებათ. დაზოგილი თანხების გამოყენება, მათ უკვე სულ სხვა მიმართულებით შეეძლებათ, რაც საბოლოო ჯამში, მათი კეთილდღეობის შენარჩუნებას მოემსახურება.

 

რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს სახელმწიფო, მის მიერ სოციალური დახმარების მასშტაბები, ეს ამერიკა იქნება, ჰონგ-კონგი თუ საქართველო, ყოველთვის იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე საკუთარი შრომითი საქმიანობით მიღებული შემოსავალი. ამიტომ, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის წევრებისადმი დახმარების რამდენიმე გზა არის, ერთი, უშუალოდ მონეტარული ფორმით დახმარების გაწევა და მეორე მათთვის ისეთი სოციალური ფონის შექმნა, რომლითაც გაიზრდება მათი ეკონომიკური აქტიურობა“, - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.

 

ამ კონტექსტში, ექსპერტი სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას გამოარჩევს.

 

„საზოგადოების წევრებს უბრუნდებათ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ გაიუმჯობესონ თავიანთი მდგომარეობა და აქვთ განცდა, რომ საზოგადოების დანარჩენი წევრები და მთლიანად სახელმწიფო ემპათიურად არის მათდამი განწყობილი და ზრუნავს მათი მდგომარეობის გამოსწორებაზე არა მხოლოდ მონეტარული დახმარების გაწევით, არამედ მათი სოციალური აქტიურობის წამოწევის ხარჯზე, რომ მათ თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.  ეს იმაზეც იმოქმედებს, რომ ადამიანმა აღარ იფიქროს ემიგრაციაზე და საკუთარი კეთილდღეობის შემდგომი ზრდა თავის სამშობლოს დაუკავშიროს“, - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.

 

იოსებ არჩვაძე ასევე აქცენტს აკეთებს საერთაშორისო მნიშვნელობის ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები.

 

„საქართველოს ეკონომიკა იზრდება და ჩვენ უკვე ისეთ პროექტებს ვეჭიდებით, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული დარგის ან რეგიონისათვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის. ასეთებია ანაკლიის პორტი და მაღალი ძაბვის მქონე წყალქვეშა სადენის გატარება ევროპის მიმართულებით. ამით, ფაქტობრივად, ჩვენ გაცილებით მეტად ვუახლოვდებით ევროპას და თუ აქამდე საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებში განიხილებოდა, როგორც ამ ურთიერთობათა ობიექტი, დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველო არის სულ უფრო ანგარიშგასაწევი სუბიექტი ამ ურთიერთობებისა. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიც პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ამ პროექტების რეალიზაციას აქვს არა მხოლოდ წმინდა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების ფუნქციის მატარებელი მნიშვნელობა, რადგან რაც უფრო მეტი ინტერესის გადაკვეთა იქნება საქართველოზე, მით უფრო დაცული იქნება ქვეყანა, რომ არ მოხდეს ამ ინტერესების ხელყოფა. ვფიქრობ, ეს ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული წარმატებაა“, - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.

 

ამასთან, ექსპერტი ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ინიციატივებს შორის ასახელებს თურქეთის ბაზრის გახსნას და რეფერენტული ფასების დაწესებას მედიკამენტებზე.

 

„ეს იმდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომ ჩვენს საზოგადოებას სერიოზულ დახმარებას გაუწევს. რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვის შესაძლებლობა იქმნება. მინდა, ყურადღება მივაქციო აღნიშნული ინიციატივის არამარტო სოციალურ, არამედ, ეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ ასპექტებს. მოსახლეობა დაზოგავს 200 მილიონ ლარამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თანხის გამოყენება შეეძლებათ სამომხმარებლო ბაზარზე, სხვა დამატებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეს კი ნიშნავს სტიმულაციას დამატებითი წარმოებისა და მიწოდებისთვის, შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ერთი შეხედვით, თითქოს წმინდა ჰუმანიტარული აქციაა, მაგრამ ის გვეხმარება იმაში, რომ შევამციროთ ინფლაციის მაჩვენებელი, გავზარდოთ დასაქმების დონე და არსებულ ეკონომიკურ ზრდას დამატებითი იმპულსი მივანიჭოთ“, - ამბობს იოსებ არჩვაძე.

 

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ღარიბაშვილის ბოლო ინიციატივა, რომელიც პროდუქტებზე და საწვავზე ფასების კლებას ითვალისწინებს.

 

„თუ გადავხედავთ მოსახლეობის ბიუჯეტებს, საკმაოდ მაღალი წილი უკავია ხარჯებს კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და ენერგო მატარებლებზე. საქართველო ენერგოდამოკიდებული, ენერგოიმპორტიორი ქვეყანაა, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა არ უნდა იყოს განხილული, როგორც მღვრიე წყალი, სადაც შეიძლება თევზის ჭერა. საჭიროა სამართლიანი ფასთწარმოება. ხელისუფლების ამოცანაა, იზრუნოს საზოგადოებაზე. უნდა შეიქმნას თამაშის ისეთი პირობები, რომ არ მოხდეს იმპორტიორის თუ ბიზნეს სტრუქტურის წარმომადგენლის მიერ მოსახლეობის ხარჯზე გაუმართლებელი ჭარბი მოგების მიღება. ბიზნესი ვალდებულია, გაითვალისწინოს ის გარემოება, რომელშიც მისი მომხმარებლები არიან, რომ მათ შორის დამოკიდებულება იყოს უფრო ურთიერთტოლერანტული და საერთო ინტერესებზე მეტად ორიენტირებული“, - ამბობს ექსპერტი.

 

იოსებ არჩვაძე ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის შეფასებისას ასევე გამოყოფს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა, დევნილებისთვის ბინების გადაცემა და სკოლების და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

 

„ხომ არის გამოთქმა, რომ ჯაჭვის სიმყარე განისაზღვრება ყველაზე სუსტი რგოლის სიმყარით. ამიტომ, თუ პირობითად, რუსთავი იქნება მსოფლიო სტანდარტების დონეზე, მაგრამ რუსთავიდან რამდენიმე კილომეტრში იქნება ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობები, ეს მოსახლეობაში ვერ გაზრდის სოციალურ კმაყოფილებას. ამიტომ, სახელმწიფო სტრატეგია არის შემდეგი - იზრუნონ საზოგადოების სოციალურ განვითარებაზე არა მარტო გლობალურად, არამედ ინსტიტუციურად, ყველა დარგის და რეგიონების მიხედვით, იმისთვის, რომ ცხოვრების პირობები იყოს მაქსიმალურად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.

 

სახელმწიფოს გაზრდილი ეკონომიკური შესაძლებლობები კონვერტირდება ბევრი ისეთი მიმართულებით, რომლებზეც ადრე ფიქრიც კი გვიჭირდა. ერთ-ერთი ასეთი არის იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.

 

ასევე, აღსანიშნავია სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რადგან იმაზე, თუ როგორი მატერიალურ-ტექნიკური პირობებია, თუ როგორი ყურადღებით და გულისხმიერებით ეკიდებიან პედაგოგები და აღმზრდელები თავიანთ კონტინგენტს, ამაზე დიდწილადაა დამოკიდებული ბავშვების ნორმალური მსოფლმხედველობრივი განვითარება, ისევე როგორც ფიზიკური. ამას სჭირდება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, არა მარტო შენობები, არამედ შესაბამისი ინვენტარი, სადემონსტრაციო მასალა, სათამაშოები და რიგი სხვა აუცილებელი კომპონენტები თანამედროვე მეთოდების შესაბამისად. ვფიქრობ, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საკმაოდ საინტერესო და იმედის მომცემია და ეს ყველაფერი მოემსახურება სკოლამდელი და საშუალო სკოლების სოციალური პრესტიჟის ამაღლებას“, - ამბობს ექსპერტი.

 

იოსებ არჩვაძის თქმით, ზემოაღნიშნული პროექტების სიკეთეები უკვე დადებითად აისახება მოსახლეობაზე და მომავალში, ამას კიდევ უფრო მეტად იგრძნობენ მოქალაქეები.

 

„მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდება ერთი მხრივ მონეტარული ფორმით, როდესაც ისინი იღებენ მეტ შემოსავალს ხელფასის, პენსიის და სოციალური დახმარების თუ სხვა პირდაპირი ფულადი შემოსავლების სახით და მეორე არის იმ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, იმ ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების განხორციელება, რომლებიც ადამიანს უფრო კომფორტულ გარემოში ამყოფებს. ეს ყველაფერი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე უკვე აისახება“, - ამბობს არჩვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner