ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის იმ ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ღარიბაშვილმა გაპრემიერებიდან ორი წლის განმავლობაში განახორციელა.
ეკონომისტის თქმით, ლარის გამყარება და ქვეყანაში სოციალური დახმარების მატება ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია.
ამასთან, ანგურიძე ამბობს, რომ ქვეყანაში აქამდე მსგავსი ეკონომიკური ზრდა არ ყოფილა და დასძენს, რომ ღარიბაშვილის გარდა აქამდე ვერცერთმა სახელმწიფო მეთაურმა ვერ შეძლო ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.
„ლარის გამყარების, სოციალური დახმარების და პენსიების ზრდის, ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში გვაქვს ორნიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა იძლევა საშუალებას, ქვეყნის ეკონომიკა იყოს სტაბილური და სტაბილურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ლარის სიმყარეა.
ინვესტიციების საკმაოდ კარგი შემოდინება, ტურიზმის საკმაოდ სწრაფი აღდგენა, ამ ყველაფერმა ჩვენ მოგვცა ის, რომ საბოლოო ჯამში, ბიუჯეტში მომხდარიყო თანხების აკუმულირება, რაც მთავრობას მისცემდა სოციალური მიმართულებით დამატებითი ახალი პროექტების თუ არსებული პროექტების გაფართოების შესაძლებლობას. მათ შორის, პენსიების ზრდაც და სხვა სოციალური პროექტების საბიუჯეტო პაკეტის ზრდა სწორედ ამისგან არის გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, ბიუჯეტში შესულიყო საკმაოდ სოლიდური საგადასახადო შემოსავლების ნაკადი.
აქამდე საქართველოს არასდროს არ ჰქონია ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა ასეთი დიდი ხანგრძლივობით და ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი შევა ისტორიაში, როგორც ღარიბაშვილის ერთ-ერთი ეკონომიკური წარმატება, რადგან ამ 32 წლის განმავლობაში ვერცერთმა სახელმწიფო მეთაურმა ვერ შეძლო, რომ ასე სტაბილურად შეენარჩუნებინა მაღალი ეკონომიკურ ზრდა“, - აცხადებს ანგურიძე.
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ანაკლიის პორტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის ბოლომდე განხორციელება მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ანაკლიის პორტმა პოლიტიკური სახე მიიღო.
„ანაკლიის პორტმა გარკვეული სახის პოლიტიკური სახე მიიღო, იმდენად რამდენადაც ანაკლიის პორტის პროექტის პირველი გამარჯვებულები [მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე], როდესაც ჩააგდეს პროექტი, აღმოჩნდნენ შემდგომში პოლიტიკაში და მოახდინეს თემის პოლარიზება. ვფიქრობ, ეს საკითხი პოლიტიკიდან უნდა იყოს შორს და უნდა გაკეთდეს საკმაოდ კარგი ეკონომიკური გათვლებით და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.
შესაბამისად, აქტუალობა უფრო მეტი შეიძინა ამ საკითხმა. პრემიერის ახლანდელი დაანონსება ანაკლიის პროექტის შესახებ, არის ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ მთავრობა არის მზად ღია იმისათვის, რომ ამ საკითხს მიუდგეს არა პოლიტიკურ ჭრილში, არამედ პროფესიულ ჭრილში. ვფიქრობ, კარგად შეიფუთება ეს პროექტი და, ასევე, ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად გამოჩნდებიან კეთილსინდისიერი მშენებლები, რომლებიც არა ამ მთავრობისგან მოითხოვენ იმ გარანტიებს, რომლებსაც წინა ინვესტორები ითხოვდნენ, არამედ თავად შექმნიან საგარანტიო სივრცეს ქვეყანაში, რომლითაც შეძლებენ მოიზიდონ ინვესტიციები და შემდგომ მოახდინონ ამ პორტის მშენებლობა“, - აღნიშნავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში.
ოთარ ანგურიძის განცხადებით, პროდუქტებზე საჭიროც და აუცილებელიც არის, რომ სახელმწიფოს მხრიდან იყოს გარკვეული სახის რეგულირება.
მისი თქმით, გარკვეული სახის კომპანიებს დომინანტური მდგომარეობა აქვთ ბაზარზე შექმნილი და ამ დომინანტურ მდგომარეობას იყენებენ მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე.
„საწვავზე გასულ წელსაც იყო მსგავსი ტიპის განცხადება პრემიერის მხრიდან და ვნახეთ, საკითხის შესწავლის შემდეგ მალევე მოხდა საწვავის ფასების გაიაფება. ასევე, ვნახეთ გასულ წელს პრემიერმა დააანონსა და მოიკითხა ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების სტრუქტურა და შესაბამისად, პრემიერი ჩარევასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, როდესაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი და მოხდა უკვე მედიკამენტებზე ფასების დაწევა, რომელიც გრძელდება ეტაპობრივად.
რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც არის დაკავშირებული სურსათის ფასებთან, ვფიქრობ, აქაც, შესაძლოა, მოჰყვეს გარკვეული სახის ქმედება, იმდენად რამდენადაც იკვეთება ფაქტი, რომ გარკვეული სახის კომპანიებს დომინანტური მდგომარეობა აქვთ ბაზარზე შექმნილი და ამ დომინანტურ მდგომარეობას იყენებენ მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე, ისევე, როგორც ფარმაცევტულ კომპანიების შემთხვევაში. ვფიქრობ, პროდუქტებზე საჭიროც არის და აუცილებელიც, რომ სახელმწიფოს მხრიდან იყოს გარკვეული სახის რეგულირება მოგების მარჟებზე, რათა კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა არ გამოიყენონ მათი დომინანტური მდგომარეობა ბოროტად და ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ხარჯზე არ მოახდინონ საკუთარი გამდიდრება“, - დასძენს ოთარ ანგურიძე.
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძემ, შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ეს პროექტი ქვეყანას ძალიან დიდ უცხოურ ინვესტიციებს მოუტანს.
მისი თქმით, ეს პროექტი პრემიერ ღარიბაშვილს ჩაეწერება, როგორც მისი პრემიერობის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა.
„ეს არის ისტორიული პროექტი და ეს პროექტი პრემიერ ღარიბაშვილს ჩაეწერება, როგორც მისი პრემიერობის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა, რომლითაც რეგიონში ჩვენი ქვეყანა მოიტანს ერთ-ერთ წამყვან და დომინანტურ მდგომარეობას, რადგან მთავარი ნაწილი, მაინც ჩვენ ქვეყანაზე გავა და ჩვენი ქვეყნიდან მოხდება შავ ზღვაში ამ კაბელის ჩადება.
აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის როლი ამ კაბელის შექმნით და მერე ამ ელექტროენერგიის გატარებით უფრო მეტად გაიზრდება. ეს კაბელი პირველ რიგში, ქვეყანას მოუტანს ძალიან დიდ უცხოურ ინვესტიციებს, მეორე, ქვეყანას მოუტანს პოლიტიკურ სტაბილურობას, რადგან ეს იქნება სტრატეგიული დერეფანი ელექტროენერგიის და შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა მხარის, ვინც იქნება ამ პროექტში ჩართული, ყველას ინტერესში იქნება, ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, როლი ჩვენი ქვეყნისა კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მეტს გაიგებს ჩვენი ქვეყნის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობა და უფრო მეტად მოიზიდავს უცხოურ კაპიტალს ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში.